რეგიონი

კახეთში მიწის დაუშავება ვერ ხერხდება, უკვე დათესილი მოსავალი კი არ ამოდის

კახეთში მიწის დაუშავება ვერ ხერხდება, უკვე დათესილი მოსავალი კი არ ამოდის.
კახელი გლეხები ამბობენ, რომ თითქმის ორთვენახევარია რეგიონში ნალექი არ ყოფილა, რის გამოც დასამუშავებელ მიწებში ტექნიკა ვერ შედის.
ადგილობრივები უკვე მოსალოდნელ ზარალსა და პროდუქციის დეფიციტზე ალაპარაკდნენ.
გლეხებმა, რომლებმაც ოქტომბერ- ნოემბერში ხორბლის ყანა დათესეს, რადიო ჰერეთთან თქვეს, რომ კლიმატური პირობების გამო, ჯეჯილი არ ამოვიდა და დიდი ფინანსური ზარალი ნახეს.

” ოთხ ჰექტარზე დავთესე ხორბალი ოქტომბერში. ერთი წვეთი ნალექი არ მოვიდა და ხორბალი არ გაღივდა. ეს აღარც ამოვა. თითო ჰექტრის მოყვანაზე, 800 ლარამდე ვხარჯავთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ზარალია ჩვენთვის. ამ ხორბალს მხოლოდ პურისთვის ხომ არ ვიყენებთ, შინაურ ფრინველსა და ცხოველსაც ხომ ვზრდით. პურსაც რა ფასი აქვს, ხომ ხედავთ. დეფიციტი თუ იქნება, ფასებს მერე ნახავთ. ძლივს ვამუშავებთ მიწას და ასეთ ზარალს ვიღებთ.”– ამბობს თელაველი მალხაზ მელიქიძე.

მიწის დამუშავებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, ის გლეხებიც, რომლებსაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები მოჰყავთ.

” ტრაქტორი მივიყვანეთ და უკან გაბრუნდა, მიწას ვერ მოერია. ტექნიკა ისედაც ძნელი საშოვნელია და იმანაც ოპერაცია ვერ ჩაატარა. დღეს, ეზოში ხეხილი მოვრწყე, თებერვალში მორწყვა გინახავთ? თუ მოსავალი არ მოვიყვანეთ, ამ სიძვირეში თავის გატანა როგორ უნდა შევძლოთ. თუ ადგილობრივი პროდუქცია არ იქნება, შემოტანილს ისეთი ფასი დაედება, ყიდვასაც ვერ შევძლებთ ალბათ.კიდევ ეს უნდა ჩვენს გაჭირვებულ ყოფას, ერთი ღერი მწვანილიც არ გვქონდეს? “– ამბობს რადიო ჰერეთთან, ახმეტელი, ლალი ხუბეჯიშვილი.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები განმარტავენ, რომ გლეხები ახალ კლიმატურ პირობებსა და აგროვადებზე უნდა გადაეწყვნენ. ამავდროულად, აუცილებელია, სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მასობრივად დაიწყოს.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა კევლიშვილი ამბობს, რომ გლეხებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, გარკვეული საგანამანთლებლო პროექტებიც უნდა დაფინანსდეს.

” პირველ რიგში აუცილებელია სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდეს მასობრივად, რადგან გლობალური დათბობაა და ამას ვერაფერს ვუშველით. ამიტომ საჭიროა, გლეხები, ფერმერები და მევენახეები ახალ აგროვადებს მოერგნენ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, როგორ უნდა მოიყვანონ კულტურა ახალ პირობებში. სხვაგვარად, ყოველთვის ზარალი იქნება და ვერც პროდუქცია შეიქმნება. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომლითაც ასეთი სახის ტრენინგებს ვატარებდით, საჭიროა, პროექტები კიდევ დაფინანსდეს. ჯერჯერობით, ეკოლოგიურ კატასტროფაზე ლაპარაკი ადრეა, ბოსტნეული კულტურებისთვის აგროვადები ჯერ კიდევ არის და გარდა ამისა, იმედი მაქვს, ნალექებიც იქნება. თუ ახლებურად არ მოვიქცევით, პროდუქციის დეფიციტი, რათქმა უნდა გარდაუვალი იქნება”- ამბობს კევლიშვილი.

კლიმატური პირობებისა და გვალვის გამო, 2000 წელს, ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი იყო გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button