ნინო ლომჯარია ძალადობრივ ფაქტებზე შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/ნინო-ლომჯარია.jpg)
საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე დღეს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ფიზიკური თავდასხმებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.
“მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.
პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ. მათ ლგბტ დროშები ჩამოხსნეს. ძალადობრივმა ჯგუფებმა დილიდან დაარბის კარვები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.
სიძულვილის ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესვლას ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.
“თბილისი პრაიდი” წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში “ღირსების მარშის” გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა.
აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.