ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირაში შევა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირაში მეუფე იაკობთან ერთად შევა, ამის შესახებ მან ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, მისი ვიზიტის შემდეგ პანსიონში უკვე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
“ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ”, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა.