მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნინო ლომჯარია ვაქცინაციის პროცესს კრიტიკულად აფასებს

ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა შესაძლოა შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევად. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ ძალიან კრიტიკულად. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც იცავს ადამიანებს მძიმე დაავადებებისგან და სიკვდილიანობისგან და როდესაც დღეს ქვეყანაში არ გვაქვს ვაქცინა, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა და ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ამ მიმართულებით”, – ამბობს ომბუდსმენი.

ნინო ლომჯარია ასევე კრიტიკულად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს რეგულაციების დაწესებასა და მოხსნასთან დაკავშირებით.

“კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მხრიდან ეხება ეს შეზღუდვების შემოღებას თუ გაუქმებას, არ არის დასაბუთებული, რატომ მიიღება კონკრეტული შეზღუდვები რის საფუძველზე, რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა თუ მეცნიერულ დასაბუთებებს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button