მნიშვნელოვანისიახლეები

ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზმაუს უჩივლეს

ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, “შემდეგი ეტაპი იქნება ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სარჩელი”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ისინი ასაჩივრებენ გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ კონტრაქტები შეუწყდათ.

„წესით, ვერავინ უნდა თქვას თეთრზე, რომ შავია და ეს პროცესი უნდა დასრულდეს ჩემი და ნინო ზაუტაშვილის გამარჯვებით“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

იგივე მოთხოვნები აქვს ნინო ზაუტაშვილსაც.

„იმდენად ნათელია ყველაფერი, ძალიან უნდა მოინდომოს სასამართლომ, რომ წავაგოთ“, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

ნინო ზაუტაშვილი და მისი გუნდი გადაცემა „რეალური სივრციდან“, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ბოლო პერიოდში მუდმივად ლაპარაკობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე. მენეჯმენტს მიაჩნია, რომ ამით ისინი ხელშეკრულების პირობებს არღვევდნენ.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, ზაუტაშვილსა და ივანოვ-ჩიქოვანს 11 აპრილს შეუწყვიტეს კონტრაქტები. იმავე დღეს დისციპლინური სანქცია დაუწესდა ოთხ თანამშრომელს: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორ კახაბერ მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.

რამდენიმე დღეში, 17 აპრილს, მსგავსი გაფრთხილება მიიღეს „რეალური სივრცის“ რედაქტორმა ტუხა კვინიკაძემ, „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა თამარ ჭინჭარაულმა, ამავე გადაცემის კორესპონდენტმა ანა აბაკელიამ და მემონტაჟე-ოპერატორმა გივი (გიგა) კიტიამ.

იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო მიყენებულ „რეპუტაციულ ზიანზე“ საუბრობს, გიორგი გვიმრაძე, – რომელმაც გასული წლის 30 ნოემბერს შეურაცხყო მოქალაქე, – კვლავ არის მაუწყებლის პოდკასტის, 41-ე პარალელის თანაწამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად.

გვიმრაძემ მაუწყებლის ძველ შენობაში 2024 წლის 30 ნოემბერს მოქალაქეს, ქალს უთხრა: „შეგიძლია ამილოკო… რატო, ვითომ არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“.
გვიმრაძე იმავე დღეს იმავე შენობაში ხელით შეეხო მედიაკრიტიკოს ნინია კაკაბაძეს.
4 დეკემბერს მან ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ ჩაწერა და იგი წარადგინა, როგორც „აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში“, – რაც სიცრუე იყო.
ამის მიუხედავად, გვიმრაძე პოდკასტის წაყვანას აგრძელებს.

შეგახსენებთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: რეალური სივრცის კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა.

თინათინ ბერძენიშვილმა მათ “მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში “ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

ტელევიზიის შეფასებით, “მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული”.

მსგავსი პოსტები

Back to top button