ნინოწმინდის პანსიონის საქმე-PHR მოწმეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს
ნინოწმინდის პანსიონის საქმის ერთ-ერთ მოწმეზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარე, ანა აბაშიძე აცხადებს.
აბაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მოწმე და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
“ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს თორემ რაც მოუვა ნახავს. ამ ადამიანმა გამოძიებას უკვე მისცა პანსიონატში არსებულ ვითარებაზე ჩვენება. ორი დღეა ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი არაფერს. ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას”, – წერს სოციალურ ქსელში აბაშიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.