ნიუ-იორკის გრუნტის წყლებში რადიოაქტიური ტრიტიუმის კონცენტრაცია მაღალი აღმოჩნდა

ნიუ-იორკის მიწისქვეშა წყლებში რადიოაქტიური ტრიტიუმის კონცენტრაცია დაშვებულ ნორმაზე 740-ჯერ მეტი აღმოჩნდა, – გვაცნობებს Associated Press.

“Indian Point”-ის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ნიუ-იორკიდან 60 კილომეტრში ქალაქ ბიუკენენშია განლაგებული, ტრიტიუმის შემცველობის წყალმა გაჟონა. კომპანია Entergy-ს წარმომადგენლებმა, რომელიც ამჟამად სადგურის ოპერატორია, განაცხადეს, რომ მეგაპოლისის მცხოვრებთ საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან იგი მიწისქვეშა წყაროებიდან კი არ იკვებება, არამედ კატსკილის მთებში განლაგებული საცავებიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადრე თუ გვიან გრუნტის წყლები მდინარე ჰუდზონში მოხვდება, რომლის სანაპიროზეც ეს ორი ქალაქია განლაგებული.

კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ იქამდე წყალში ტრიტიუმის შემადგენლობა უსაფრთხო დონემდე დაიწევს.

თავის მხრივ, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბირთვული ფიზიკის ინჟინერი არნოლდ განდერსენი თვლის, რომ “Indian Point”-ის ხელმძღვანელობა ნიადაგში ტრიტიუმიანი წყლის ჩადინებას ვერ შეაჩერებს, ვინაიდან წყლის გაჟონვის კონკრეტული ადგილმდებარეობა თვითონაც არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ტრიტიუმი წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპია. იგი ბრიტანელმა მეცნიერებმა 1934 წელს აღმოაჩინეს. ტრიტიუმიანი წყლის ერთჯერადი მიღება ორგანიზმში ზემძიმე წყალბადის ხანგრძლივ დაგროვებას არ იწვევს, ვინაიდან მისი ნახევარდაშლის პერიოდი 7-დან 14 დღეს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button