უკრაინაში ომის 639-ე დღეა-რუსეთი კიევს თავს დრონებით დაესხა

უკრაინაში ომის 639-ე დღეა – რუსეთი კიევს თავს დრონებით დაესხა. დედაქალაქში მდებარე საბავშვო ბაღში ცეცხლი გაჩნდა, ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი თერთმეტი წლის ბავშვია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
“სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ,” – წერს კლიჩკო Telegram-ზე.
დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
“დღეს ლატვიის პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ჩვენი მხარე ასრულებს რეკომენდაციებს. ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში. დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირის წევრობისთვის, როგორც ევროპული მხარე გვპირდება. განვიხილეთ ევროკავშირის მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების მექანიზმები. ჩვენი ევროპული ცხოვრების წესის დაცვა უნდა გაგრძელდეს, ევროპის ერთიანობა ამ საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს თავს 100-ჯერ დაესხნენ, რის შედეგადაც, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაიჭრა“, – განაცხადა პროკუდინმა.
პროკუდინის ცნობით, რუსული ძალების სამიზნეს საცხოვრებელი ადგილები წარმოადგენდა და შეტევები არტილერიით, სარაკეტო სისტემებით, ტანკებითა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსების თავდასხმები ავდეევკას მიმართულებით მათ სწრაფ წინსვლას არ გამოიწვევს.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყეს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსები უფრო სუსტი მექანიზებული ძალებით უტევენ ავდეევკას, ვიდრე მანამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 და 24 ნოემბერს უკრაინულმა ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით სულ მცირე 50 თავდასხმა მოიგერიეს.
“დიდი სახმელეთო თავდასხმები, სავარაუდოდ, ავდეევკას მიმართულებით უკრაინის ჯარებს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ რუსების სწრაფ წინსვლას რეგიონში არ გამოიწვევს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასშტაბური იერიში კიევზეც მიიტანა.