ნოდარ მელაძე ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს
სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ახალისებენ მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკები.
მისი თქმით, მედიის მისამართით წარმოთქმული ტონი და ხელისუფლების განცხადებები მათ მხარდამჭერებს ბიძგს აძლევს , რათა ხელი შეუშალონ ჟურნალისტურ საქმიანობას.
“ძალადობას ხელისუფლება ახალისებს, მამუკა მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკი, ესენი არიან კოლექტიური ძალადობის წამხალისებლები, პასუხისმგებლობაც ეკისრება მათ. ბატონებო, ეს თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია!
მზად არის წერილი და მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას… სადაც ეს ხელისუფლება ჩავა, დახვდებათ დასტა წერილებისა, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე, სხვა გამოსავალი არ დაგიტოვეს“ – ამბობს მელაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ივნისს, სოფელ წინწყაროში ჩასულ ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარის შემდეგ კი, მოძალადე არა დაკითხვაზე, არამედ რესტორანში, საქეიფოდ წავიდა.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული მამაკაცი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.