მნიშვნელოვანისიახლეები

ნომერი 4 – ახალი პოლიტიკური ნიშანი ქართულ რეალობაში-ოპოზიციონერმა ნიკა მელიამ პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა

ნომერი 4 – ახალი პოლიტიკური ნიშანი ქართულ რეალობაში. ნიკა მელიას პოლიტიკურმა გუნდმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ამ ნომრით იწყებს. თუმცა პარტნიორების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. პოლიტიკური მეგობრებისგან საჩუქრად მიღებულმა ოთხიანმა მელია კიდევ უფრო დააშორა ხუთიანს. “ნაციონალურ მოძრაობაში” საერთოდ არ ერთვებიან პოლიტიკური პარტნიორობის თემის განხილვაში. მთავარი არჩევანი კი სავარაუდოდ ნიკა გვარამია და მისი გუნდი იქნებიან. მართალია საბოლოოდ ჩამოყალიბებული და საჯაროდ გაცხადებული გვარამია-მელიას ერთობა ჯერ არ არსებობს, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” უკვე უკიდურესადღელავენ ამ პოლიტიკური ტანდემის გამო.
მის გუნდში ადასტურებენ რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და რეალურია პერსპექტივაც დიდი პოლიტიკური ერთობის ჩამოსაყალიბებლად.

რამდენიმე დღეში ნიკა მელიას პარტიის წევრები ყველა დეტალის გასაჯაროებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ცნობილი იქნება ახალი ერთობის სახელიც და გუნდის შემადგენლობაც.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმ პარტიებთან, ვისაც უკვე მინიჭებული აქვთ ნომერი, მაგრამ დარწმუნებით არ აპირებენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის იდენტიფიცირება , როგორიც არის ნომერი, სახელი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში როგორც ახალი პარტია პირველად წარვდგებით. შესაბამისად, გვჭირდება რაღაც დრო, რომ მოსახლეობამ აღგვიქვას როგორც პარტია… მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც პროცესშია და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაშია, მაგრამ რა, როგორ, რა ფორმაციით, იქნება თუ არა ეს ერთობა, თუ იქნება როგორი იქნება, ამას მოსახლეობა გაიგებს მომავალ კვირას. ცალსახად ვგულისხმობთ მოლაპარაკებებს ნიკა გვარამიასთან და ადამიანებთან, რომლებსაც სურთ , რომ 2024 წლის არჩევნებში ითამაშონ გადამწყვეტი როლი” ამბობს ნიკა მელიას გუნდის წევრი, ანა გოგოლაძე.

მელია ფეისბუკგვერდზე წერს, რომ “ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4”.

“2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.

მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, – აცხადებს მელია.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი 4 ეკუთვნოდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”.

ნიკა მელიამ 7 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “მივდივარ წინ მომავლისკენ”. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და აფუძნებს ახალ პარტიას.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და მის გუნდთან მოლაპარაკებები, დიდი ხანია, აქვს.

კითხვაზე, თუ ადასტურებს ნიკა მელიასთან მოლაპარაკებებს და თუ ვიხილავთ მას პოლიტიკურ გაერთიანებაში, გვარამიამ აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებს მათთან ერთად სახავს და ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები არც დაუმალავს.

„უკვე დიდი ხანია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ძალიან მალე დასრულდება. ჩემი განწყობა ყველანაირი მოლაპარაკების და გაერთიანების მიმართ არის პოზიტიური. ნომერზე ვერ გავაკეთებ ჯერ კომენტარს, ეს არ არის ჩემი საქმე. სამომავლო გეგმებს დიდი ხნით მათთან ერთად ვსახავ. მოლაპარაკებები არც დამიმალავს და არც ვმალავ. ჩემი აზრით, ეს სავსებით ნორმალურია“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, იგებს არა ნომერი, არამედ საქმე და ვისაც სურვილი ექნება თანამშრომლობის ან კონკურენციის, სიამოვნებით, ყველასთან მზად ვარ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება,

„მე არ ვილაპარაკებ ოპოზიციის რესურსზე, ახლა მთავარი საკითხი არის, რომ მივიდეთ ცვლილებებამდე. ხალხის დაკვეთა არის ცვლილება. დიახ, მელიაც ცვლილებების პროცესში შეასრულებს თავის როლს. ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც ამის სურვილი ექნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რამდენიმე დღეში პრეზენტაცია გვექნება, როგორი ფორმით და კონფიგურაციით წარვდგებით. საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საარჩევნო ნომერი 4 ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, ბაჩო დოლიძის განმარტებით, აღნიშნული ნომერი დაუთმეს და ეს რაიმე პირობის შეთავაზების სანაცვლოდ არ მომხდარა.

„2024 წლის არჩევნებში ჩვენი პარტიის ნომერი იქნება 4. რამდენიმე მოქმედ სუბიექტთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია, ვის შეეძლო ნომრის დათმობა, ვინ აღარ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. მადლობის გარდა, არაფერი გვეთქმის. მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხი გადაწყდა, რადგან „ოცნება“ როდის მოგვცემდა ნომერს, მცირე პერიოდი დარჩებოდა ნომრის პოპულარიზაციისთვის. ეს რისკი იდგა. არავითარი მნიშვნელოვანი პირობები არ ყოფილა, არც ის, რომ რაღაცის სანაცვლოდ მოხდა დათმობა ან სიაში ყოფილიყო. ეს ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ასეთ ჟესტს აკეთებს, უსასყიდლოდ გითმობს ამხელა რამეს. ორმაგად დასაფასებელია, რომ პირობები არ არსებობს ამ დათმობაზე. როგორც ვიცი, ტექნიკური თვალსაზრისით, ალბათ გადმოვა ყველაფერი, იურიდიულ კაზუსტიკაში გავერკვევით და თუ სარგებელი აქვს ამ ნომერს, ყველაფრით ვისარგებლებთ.

რამდენიმე დღეში სასტარტო შემადგენლობის პრეზენტაცია გვექნება, როგორი ფორმით და კონფიგურაციით წარვდგებით. საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში. ვიხილავთ ამ გუნდის სასტარტო კონფიგურაციას. არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქტიური შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან. ეს მხოლოდ დადებით თვისებაში ჩავუთვალოთ, იმდენად დისკრედიტებულია პოლიტიკური სპექტრი, კარგი არაფერი მოდის. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გამოსული ადამიანები დიდ როლს, მძიმე ტვირთს წევენ და ესეც მნიშვნელოვანია. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ რაოდენობრივად საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ, მათ შორის საკრებულოებში, არათუ რაიონებში ან ქალაქებში. ასე გამართული არცთუ ისე ბევრი პარტიაა. საერთოდ არ არის პატარა გუნდი. საკმაოდ დიდი ამბავია იმის ფუფუნება, რომ მოკლე მონაკვეთში, ისე, რომ რეგისტრირებული პარტიაც არ გვაქვს, ჯერ მხოლოდ ნომერია, ყველა რაიონში იყოს დაფარვა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის განცხადებით, მათი მოლოდინია ხელისუფლების ცვლილება.

„მოლოდინი არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ვზომავთ საკუთარ თავს, სხვებიც აკეთებენ კვლევებს, სადაც გვზომავენ. ამბიცია არის გამარჯვება და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. მე ხომ არ ვსაუბრობ ისე, როგორც „ოცნება“, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთო, მაგრამ ამოცანა იქნება დიდი წვლილის შეტანა საერთო საქმეში, სადაც „ოცნების“ დამარცხებას შეძლებს ოპოზიცია. ყველას ვესაუბრებით, ვისაც ცვლილებები სურს. რა თქმა უნდა, „ოცნება“, „ნაცები“ არჩევნების წინა პერიოდში ზემობილიზებული იქნებიან, მაგრამ შენს ხაზს თუ ვერ ატარებ, არაფერი გამოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ორი სუბიექტის შეერთება არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ელექტორატი მიჰყვებათ, შესაძლოა, ერთად ყოფნით მეტი დაკარგონ, ვიდრე ცალკე აიღონ.

საარჩევნო კამპანიისთვის საჭიროა ფინანსები, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჰგონიათ, ფულით ყველაფერს იზამენ, ამ პოლიტიკურ გოიმებს უპასუხებს ქართველი ხალხი, რომ ფული არ არის ის, რითიც შეგილია, ცხოვრებაში იარო და იფიქრო, რომ რადგან ფული გაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ბევრს დაუმტკიცებია ეს, ნულიდან დაუწყია და მიუღწევია. რა თქმა უნდა, კამპანიის ფული იქნება. „ნაცებსაც“ და „ოცნებასაც“ ჰგონიათ, ფულით შეიძლება ყველაფრის გაკეთება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მელია, ხაზარაძე, გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ თითქოს გამიჯნული არიან, სინამდვილეში კი პარტიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ.

მდინარაძის თქმით, საზოგადოებას ამ ტყუილს ვერ შეასაღებენ.

„„ნაცმოძრაობას“ ასეთი ლოგიკა აქვს, მისვლა-მისვლა ხომ არ გვექნება, მისვლა-მოსვლაც გვქონდეს ერთმანეთშიო. მიდიან და მოდიან ეს პარტიები, ასეთ მისვლა-მოსვლაში არიან. სერიოზულად თუ ვიტყვით, მელია, ხაზარაძე, გვარამია ვითომ გამიჯნული არიან „ნაცმოძრაობისგან“, რამდენადაც არ უნდა დაიშალონ, რანაირად უნდა მოხდეს ეს? არგუმენტების ჩამოთვლაც არაა საჭირო. ხაზარაძე როგორ უნდა გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“? მელია, გვარამია? თეორიაში როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ორგანული ნაწილები არიან. ერთი ჩართული, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვული იყო ბიზნესის რეკეტში, ბიზნესგარიგებებში; მეორე სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობდა, მათი მაღალჩინოსანი და საერთოდ თავმჯდომარე იყო; მესამე „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმების ავტორი, სადამსჯელო ოპერაციების მთავარი წარმომადგენელი იყო. გვარამიაზე ვსაუბრობ. ეს ადამიანები ახლა დაიქსაქსნენ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ „ნაცებისგან“ გამიჯნულები, დამოუკიდებლები არიან? ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. როცა ვლაპარაკობთ, რომ „ნაცმოძრაობას“ ხმების ათვისების მხოლოდ 20 პროცენტამდე პოტენციალი დარჩა, ისინი ცდილობენ, დანარჩენ 20 პროცენტზე ამ ტყუილით იმუშაონ. არ გამოუვათ არც მელიას, არც გვარამიას, არც ხაზარაძეს, არც გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა – ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, მამუკა მდინარაძის თქმით, მათი საქმიანობა ტყუილზე აგებულია და მელიას, გვარამიას, სააკაშვილის გაყოფა წარმოუდგენელია.

„მოვუსმინოთ ამ ხალხს, რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო, დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ ეს ამბავი, რადგან სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადაიტანენ, აღნიშვნის საგანია. წარმოიდგინეთ ძველი გაგებით ბრძოლა ველზე, წინა მხარეს პიონერებად არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და გვერდებიდან, ფლანგებზე მოყვებიან აქეთ მელია, იქით ხაზარაძე, იქით გახარია. ვითომ შენკენ იბრძვის და მოღალატეების ფრონტზე აქეთ არის შემოშვებული. აქეთა ფლანგებს კიდევ ემატებიან ხაზარაძე და ა.შ. ამით უნდათ, მოიგონ ბრძოლა, თუმცა მათი რეიტინგი არის 20 პროცენტის არეალში და ცდილობენ, მეორე 20 პროცენტი მოიპოვონ. ამ ბრძოლაში ისინი ვერ გვაჯობებენ, გამორიცხულია, რაც უნდა პატრიოტული, ემოციური მესიჯებით გამოვიდნენ. ტყუილზე აგებულია, ერთმანეთთან ურთიერთობაზეც კი იტყუებიან. წარმოიდგინეთ, მე, პაპუაშვილი, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი რომ გავიშალოთ და ცალ-ცალკე ვიბრძვით-მეთქი, ვიძახო, დამიჯერებთ? ხომ არ დამიჯერებთ? მელიას, გვარამიას და სააკაშვილის გაყოფას როგორ უჯერებთ? წარმოუდგენელი ამბავია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციას ისეთი ტემპი აქვს აღებული, საპარლამენტო არჩევნებზე იმდენი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება, რამდენიც პარტია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი ნიკა მელიას მიერ საარჩევნო ნომრის დაანონსებას გამოეხმაურა.

„მათი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მთავრობა, ქვეყანა, ამხელა სახელმწიფო კი არა, ოჯახიც არ უნდა ანდონ. ამიტომ იქნება მეტი ოპოზიციური პარტია და ნაკლები პოლიტიკური ლიდერი. ნიკა მელიაც ამ ყველაფრის ნაწილია და ალბათ ვიღაცასთან გაერთიანდება, თუმცა ჯერ პოლიტიკური ჭინთვები აქვს. ალბათ მათივე პატრონების ბრძანებით გაერთიანდებიან, მაგრამ, 5 ნომრის გარდა, ოპოზიციიდან ბარიერს ვერავინ გადალახავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიას ვერანაირი პოლიტიკური წონა ვერ ექნება, რადგან უპრინციპო ადამიანი წინსვლას ვერ მიაღწევს და საზოგადოებაში განულებულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მელია არის პოლიტიკოსი, რომელიც საჯაროდ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებას კონკრეტულ დაპირებებს სთავაზობს, თუმცა შემდეგ დაპირებების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს.

„ამბობდა, ვერ დამიჭერენო და მოსამართლის გადაწყვეტილებით მისი დაკავება მოხდა. შემდეგ თქვა, გირაოს სანაცვლოდ არ გამოვალო და გამოვიდა. ამით საკუთარ თავს, როგორც პოლიტიკოსს, ლიკვიდაცია გაუკეთა, რადგან საზოგადოებაში მის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. ნიკა მელია არჩევნებში რა ფორმითაც არ უნდა წარდგეს, მას არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button