“ნორმალური არჩევანი”- გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

პარტიები “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას ქმნიან. ამ გაერთიანების შესახებ დამზადებულ ვიდეოკლიპში ამ პარტიების ლიდერები ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე მონაწილეობენ.
“ჩვენ გვაერთიანებს: ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – წერია პარტიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. 2024 წლის არჩევნებში აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა.
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მათი ლიდერები ერთობლივ აქტივობებშიც მონაწილეობდნენ. თუმცა, 2023 წლის 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „სტრატეგია აღმაშენებელმა” ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დროასთან საარჩევნო გაერთიანებას აფასებს და ამბობს, რომ ორი პარტიის წარმომადგენლებს ხედვებში სრული თანხვედრა აქვთ.
“გვაქვს სრული თანხვედრა ხედვებში – ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პრინციპულად არ ვთანამშრომლობთ რუსულ რეჟიმთან. ჩვენ მთავარ პრობლემად ქვეყანაში მიგვაჩნია ერთპარტიული მმართველობა და კონცენტრირებული ძალაუფლება და აქედან გამოსავალი მგონია სისტემის დაშლა”, – განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, ის ამბობს, რომ გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი, ხოლო ენმ იმ ფორმით უნდა გავიდეს, რა ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი.
“გახარიას რაც შეეხება, პასუხი ცხადია, ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც მას ჯერ კიდევ პასუხი აქვს გასაცემი და ის პასუხები, რომელსაც ვისმენთ მას შემდეგ, რაც ის გადავიდა ოპოზიციაში, დამაკმაყოფილებელი არ არის. რაც შეეხება ენმ-ს და სხვა პარტიებს, წითელ ხაზებზე საუბარი არ არის – ჩვენ გვაქვს კონფიგურაცია თავში, რომელიც ჩვენი აზრით, არის ყველაზე მომგებიანი იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი დაამარცხო და ამ შემთხვევაში, ენმ იმ ფორმით, რა ფორმითაც არის – ვაშაძესთან ერთად არიან – ეგრე უნდა გავიდეს დამოუკიდებლად”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარიაც აღნიშნავს, რომ გირჩთან ბევრი საერთო აქვთ – მათ შორის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორია ევროპული, თავისუფალი, მშვიდი, უსაფრთხო ქვეყანა.
“რა სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ელემენტარული სამართლიანობა, სამართალი, კანონის უზენაესობა, პერსპექტივა არსებობდეს ამ ქვეყანაში. ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, კარგად დამუშავებული საერთო ხედვა. ასევე, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმაში, რომ რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
„მათ წარმატებას და გაერთიანებაში ახალ თანამებრძოლებს ვუსურვებთ. ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, რადგან მეორე „გირჩი“ საარჩევნო ბიულეტენზე ხელს გვიშლის. ნამდვილად გაგვიხარდება, რაც უფრო გამსხვილდება მათი გაერთიანება და მეტ ხალხს შეიზელს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანება პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანებაა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკაში ასეთ ანარქისტებს არაფერი ესაქმებათ.
„ძალიან ბევრი კომენტარი საჭირო არ არის, რადგან შეიძლება, ამით ჩვენ რეიტინგი ავუწიოთ. ძალიან მოკლედ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანება. კარგად უდგათ სავარძელი, უნდა დასხდნენ და ამ პროცესებს შეხედონ, მათი მეტი როლი პოლიტიკაში არ არის. ერთიც და მეორეც საქართველოს საზოგადოებაში ცნობილია, როგორც პოლიტიკური ხულიგანი. ამიტომ ასეთ ანარქისტებს არაფერი ესაქმებათ საქართველოში, მით უმეტეს, პოლიტიკაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვერ გაუწევს. „კონკურენცია ღიმილის მომგვრელია. როგორ შეიძლება, კონკურენციაზე იყოს საუბარი. ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, კიდევ ვინ შეიძლება, იხილოს საზოგადოებამ გაერთიანებაში, ხომ არ შეიძლება, იხილონ ნიკა მელია, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია, ვის ეყოფა პოლიტიკური გემოვნება ხოშტარიასთან და ჯაფარიძესთან გასაერთიანებლად.
„ცალკე აღებულ მელიას რაც შეეხება, მას თავისი პრობლემები აქვს. მოხსნეს თავმჯდომარეობიდან და ახლა იბრძვის დამოუკიდებლობისთვის ისევ „ნაცმოძრაობაში“. ეს კარგი პროცესია. ჯაფარიძეც, ხოშტარიაც, მელიაც, ხაბეიშვილიც და ვაშაძეც – ყველა „ნაცმოძრაობის“ განშტოებაა და ზოგი ისევ დაბრუნდა დედა პარტიაში. რა ფორმაც არ უნდა ჩაიცვან, რა ვარცხნილობაც არ უნდა დაიყენონ, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. სადაც არ უნდა წავიდნენ და როგორც არ უნდა შეიცვალონ პოლიტიკური ფორმა, ყველგან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დაფინანსებას კეზერაშვილისგან იღებდნენ, მაჭარაშვილმა განაცხადა:
„არაფორმალური მმართველობა უკვე დადასტურებულია. კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსება კეზერაშვილსაც აქვს აღიარებული და იმ ხალხსაც, ვისაც ის აფინანსებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტიებმა გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ისინი აქამდე სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად თანამშრომლობდნენ – სტრატეგია აღმაშენებელი საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.