მსოფლიოსიახლეები

ნორვეგიის დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა

დღეს, 27 აპრილს, ნორვეგიაში დაწყებითი სკოლის 250 000 მოსწავლე სკოლაში დაბრუნდა, თუმცა, როგორც NRK.NO წერს, მოსწავლეებისთვის სასწავლო დღე ჩვეულისგან განსხვავებული იქნება, რადგანაც ბავშვებს ერთმანეთისგან, სულ მცირე, ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწავლო პროცესი პირველ-მეოთხე კლასების მოსწავლეებისთვის აღდგა. მანამდე, ექვს-ნახევარი კვირის განმავლობაში, ბავშვები სახლიდან სწავლობდნენ.

იმისათვის, რომ ბავშვებმა დისტანცია ეფექტიანად დაიცვან, უფედალის სკოლაში თოკებს იყენებენ, სადაც თითო მეტრის დაშორებით ბავშვების სახელია მითითებული. გარდა ამისა, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ამავე სკოლაში ბავშვები 9 მოსწავლისგან შედგენილ ჯგუფებად არიან დაყოფილი. მოსწავლეებს უკრძალავენ ჩახუტებას და ერთმანეთთან შეხებასაც კი.

ქვეყნის განათლების მინისტრი გური მელბი იმედოვნებს, რომ მალე სკოლაში ყველა მოსწავლე დაბრუნდება. მისი თქმით, ნორვეგიას მიზნად აქვს დასახული, რომ აგვისტომდე სასწავლო პროცესი სრულად აღდგეს.

მინისტრის თქმით, უწყებამ გამოცდილება უნდა შეიძინოს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელსაც დაწყებითი საფეხურის აღდგენის შედეგად მიიღებენ და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად აღდგეს, რათა მასწავლებლებმაც და მშობლებმაც თავი დაცულად იგრძნონ, ქვეყანამ კი, ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი არ დაკარგოს.

მელბი იმედს გამოთქვამს, რიმ მომავალი კვირის განმავლობაში სკოლები უფროსკლასელებისთვისაც აღდგება.

worldometers.info–ს ბოლო მონაცემებით, ნორვეგიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 527 შემთხვევაა გამოვლენილი. 202 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button