ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებულია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში უწყება შეშფოთებას გამოთქვამს აქტივისტების მიმართ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ასევე აღნიშნულია, რომ შოკისმომგვრელია მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა და პლაკატების გავრცელება.
“შოკირებული ვართ ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე სასტიკი თავდასხმებით.
შეშფოთებული ვართ რიგითი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული სატელეფონო ზარებით, პლაკატებით, რომლებზეც ინდივიდები “აგენტებად” არიან მოხსენიებულნი.
ნორვეგია დგას ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, მათ შორის “უცხოური გავლენის კანონის” წინააღმდეგ პროტესტით”, – წერია უწყების განცხადებაში.
“დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ” – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას მოქალაქეების უფლებები და დაშინების ყველა აქტი სათანადოდ გამოიძიოს.
“დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.
ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება”- აცხადებს საელჩო
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
“გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა. მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად”, – წერია განცხადებაში.
ცნობისვის, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს დაურეკეს უცნობი ნომრებიდან, მიაყენეს პირადი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. გარდა ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტირუსული აქციის მონაწილეებს სახლებთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.