მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ოდას” ხელმძღვანლი თანამშრომლებს აცრისკენ მოუწოდებს

მე და ზაზა ჩვენს თანამშრომლებს პრინციპულად ვთხოვთ აცრას. ჩემებმა თავიდან იჭოჭმანეს, მაგრამ კერძო სექტორია, ავუხსენი, რომ სხვა შემთხვევაში, რესტორნის დახურვა მომიწევდა და ყველანი შემოსავლის გარეშე დავრჩებოდით. აიცრნენ და ახლა ჯანმრთელები და მადლიერები არიან, შენ რომ მკაცრად არ დაგეყენებინა საკითხი, შეიძლება, დიდხანს არ ავცრილიყავით და რა ვიცით, რა იქნებოდაო.

სამწუხაროდ, ზაზას სამსახური სახელმწიფოა და ასეთ პირობებს ვერ აყენებს. მიუხედავად ამისა, ახსნით, ინფორმირებით და კანონის ფარგლებში, გარკვეული შეზღუდვებითაც, მარტვილის კანიონის, თითქმის, ყველა თანამშრომელი აიცრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მენავეები ამ ამბავს არასერიოზულად უყურებდნენ და რაკი მათ დამოუკიდებელი შპს აქვთ, ისეთი ყურადღება ვერ მიაქცია, არ ჰქონდა საკმარისი ბერკეტები, რომ აცრა მოეთხოვა.

ძალიან კეთილი, ალალი და უბოროტო ადამიანი, მარტვილის კანიონის მენავე, ბადრი დაკრძალეს გუშინ. მესამე- და მეთორმეტეკლასელი ბავშვები და მეუღლე დატოვა. ყოველ ნახვაზე ზაზა უხსნიდა აცრის საჭიროებას, მაგრამ ბადრის, როგორც სხვებს ეშინოდა. ვერ რისკავდა იმ უამრავი მითის გამო, რაც ანტივაქსერებმა მხუთავი აირივით გააფრქვიეს ჩვენი გონების მისაძინებლად და ხალხის სასიკვდილოდ გასამეტებლად.

ნეტა, შენთვის დაეჯერებინა, გვერდით მეყოლებოდაო, მიატირა ცოლმა სამძიმარზე მისულ ზაზას. და ესეც დღემდე საკუთარ თავს ვერ პატიობს, რომ მეტად არ დააძალა.

გუშინაც ელაპარაკა ზაზა მენავეებს. აუცრელებს PCR-ის გარეშე აღარ შემოგიშვებთო. ესენი ეუბნებიან, შენ ვინ ხარ, პრემიერმა თქვა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდებაო.

ირაკლი ღარიბაშვილო, როგორ გძინავთ ღამით, ამომრჩევლების გულის მოსაგებ, თქვენს უპასუხისმგებლო, იაფფასიან გადაწყვეტილებას რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი ეწირება? ამ ხალხის ტრაგედია, მათი ოჯახების ტკივილი და უბედურება როგორ აიღეთ საკუთარ თავზე?

ან ეს ნაწილობრივაცრილი მინისტრები და ვითომაცრილი, ანტივაქსერი, კრამიტითმსმელი ექიმები როგორ ბედავთ და გამოდიხართ თვითკმაყოფილი სახეებით და აქეთ გვარიგებთ ჭკუას ჩვენს მისიონერულ ვალზე? თქვენ, ყველანი, ხალხთან დამამცირებელი ენით მოლაპარაკე და პოლიტიკურად მიყუჩებული, ვითომპროფესიონალები, ცალკეული ადამიანები ხართ ამ კუბოებზე პასუხისმგებლები. გგონიათ, სახე შეგრჩათ, მაგრამ – არა.

რეებს ვითმენთ, ადამიანებო,-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარტვილის საოჯახო მარან “ოდას” ხელმძღვანლი ქეთი ნინიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი და სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო, აუცრელებისთვის კი ფასიანი მკურნალობის საკითხი უნდა განიხილონ

მსგავსი პოსტები

Back to top button