ოდესა ოკუპანტების მთავარი სამიზნეა
ოდესა ოკუპანტის მთავარ სამიზნედ რჩება. აგრესორმა საპორტო ქალაქს “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ზიანი მიადგა მარცვლეულის ტერმინალს. აფეთქებულია რამდენიმე საცავი. ნანგრევებში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა ფაქტობრივად სრულად განადგურებულია სასტუმრო “ოდესა”. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 5 ადგილობრივი.
„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს მონაცემებით, რუსეთმა ოდესის ოლქის მიმართულებით 19 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ზებგერითი რაკეტა „ონიქსი“ გაუშვა.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, უკრაინის სხვადასხვა ოლქის მიმართულებით, საერთო ჯამში, „კალიბრის“ ტიპის 12 რაკეტა გაისროლეს, რომელთაც საკმაოდ რთული ტრაექტორია ჰქონდათ.
მასშტაბური იერიში მიიტანა რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქზეც. ბერისლავის რაიონში მძიმედ დაშავდა 7 სამოქალაქო პირი. დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. ასობით ოჯახი ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შეტევისთვის საოკუპაციო ძალამ 33 რაკეტა და “შაჰიდის” ტიპის დრონები გამოიყენა. 30 საჰაერო სამიზნე უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
“ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა”, – ამბობს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
პროკუდინის თქმით, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსული არმიის შეტევა გაცილებით დამანგრეველი იქნებოდა, რომ არა პარტნიორების დახმარება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სიტუაცია უფრო შეიცვლება მას შემდეგ რაც ვაშინგტონი და კიევი იარაღის ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ.
კრემენჩუკზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“სტაციონარში 19 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 1 ბავშვი. საერთო ჯამში, 6 ბავშვი დაშავდა. დაშავებულებს შორისაა ერთი ორსული ქალიც”, – თქვა პოლტავას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა 22 სექტემბერს განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგით მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა. უკანასკნელი 24 საათის სტატისტიკა გენშტაბში შეაჯამეს. უწყებაში ამბობენ, რომ შეტევითი ოპერაცია მიმდინარეობს მელიტოპოლის მიმართულებით. ზაპოროჟიეში კი რუსული არმიის რამდენიმე იერიში მოიგერიეს.
გენშტაბის ცნობით, იერიში მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე ოკუპირებულ სევასტოპოლში. უკრაინული მხარის მტკიცებით, შენობა მიწასთან არის გასწორებული. დაღუპულია 34 ოფიცერი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა 105 ადამიანი.
ამ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ძალოვან უწყებაში დანაკარგს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ზიანი მხოლოდ ჩამოწერილ ხომალდებს მიადგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კიევის შეტევითი მოქმედებები ფრონტის ხაზზე მინიმალურია და უკრაინელ სამხედროებს, ძირითადად, თავდაცვით პოზიციაში უწევთ ყოფნა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.