ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ოდესაში, უახლესი მონაცემებით, 2 მარტს დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათ შორის ხუთი ბავშვია.
მაშველებმა ნანგრევების გაწმენდისას კიდევ ორი ბავშვის, 10 წლის ბიჭის და 8 წლის გოგოს, ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა.
“ოდესაში მაშველებმა DSNS-მ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს. რუსული თავდასხმის შედეგად სულ 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 5 ბავშვი…ამ ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ბიჭი ტიმოთი, მხოლოდ 4 თვის იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, იყო მსხვერპლის გვერდით. დონეცკის კურახოვში ბავშვებიც დაშავდნენ. დღეს შუადღისას, ოკუპანტებმა ხუთსართულიან კორპუსს საჰაერო ბომბით შეუტიეს. ამ დროისთვის ცნობილია 16 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვი – 2006 და 2009 წელს დაბადებულები. დაზიანდა ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი.
სანამ ფრონტზე ოკუპანტებს ვურტყამთ, ისინი აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისინი ებრძვიან ბავშვებს. ამ დარტყმებზე პასუხი აუცილებლად იქნება. და საერთაშორისო სასამართლოებსა და ბრძოლის ველზე.” – წერია განცხადებაში.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურმა 3 მარტს განაცხადა, რომ ოდესაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევების ქვეშ შეიძლება მინიმუმ 4 ადამიანი დარჩა. დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ კვირას სამსახურს სამმა ადამიანმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ცოცხლები იყვნენ – მათი გვარები შეიძლებოდა მსხვერპლთა სიაში მოხვედრილიყო.
სამძებრო ოპერაცია ოდესაში ერთ დღეზე მეტია გრძელდება მას შემდეგ, რაც 2 მარტს რუსული დრონებით იერიშის შედეგად ცხრასართულიანი შენობის შესასვლელი განადგურდა. მანამდე 10 დაღუპულზე, მათ შორის, სამი ბავშვზე იტყობინებოდნენ.
გარდა ამისა ოდესაში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაშავებულებს შორის სამი საავადმყოფოშია, მათ შორის ერთი ფეხმძიმეა, 2 ადამიანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება დიდ დანაკარგებს იწვევს. მისი თქმით, რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – სიცოცხლის განადგურება და ხალხის დაშინება.
შეგახსენებთ, რომ ოდესას ოკუპანტები თავს 2 მარტის ღამეს დაესხნენ. რუსული თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და 18 ბინა გაანადგურა.
ოდესაში 3 მარტი გლოვის დღე იყო.