მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოდესაში რუსების მიერ ფერიცვალების ტაძარი დაიბომბა

23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.

რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა “დუმსკაია” წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.
“დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა”, – აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენილიყვნენ თავშესაფარებში და არ გამოექვეყნებინათ ფოტოები სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებებისა და ხანძრების შესახებ.
რუსეთს დაბომბვის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. იგი აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა.

სარესტავრაციო სამუშაოები წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელ, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.

ოდესაზე და მის შემოგარენზე თავდასხმები გაძლიერდა 17 ივლისის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოაცხადა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. შეფანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს. მხოლოდ ჩორნომორსკის პორტში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.

კრემლი ამტკიცებს, რომ ოდესის რეგიონს უტევს 17 ივლისს ღამით ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის გამო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button