„ოღონდ მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ”-პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასმაბლეაში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან საუბარში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გააკეთა კომენტარი.
მისი სიტყვებით, ცნობილია, ოპოზიციონერების საუბრების შესახებ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს მართავენ.
„მოგვცენ და თუ უნდათ ოპოზიციას მისცენ. უკვე არასერიოზულია ეს მსჯელობა იმ ფონზე, მითუმეტეს, როდესაც ზეპირად ვიცით, რასაც აკეთებენ ისინი, როდესაც დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, რას საუბრობენ იქ და როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოსთვის სტატუსის მიცემას. ზეპირად ვიცით ყველაფერი, თვითონვე საუბრობენ ამაზე – მიდიან, საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორი ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორი გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი – ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია მოგვცენ და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში.
„საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით. ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოპონენტის თავისუფლებას, იმ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის.
„შემომიცვივდება ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი და შინაური, გარეული. ნახე, რას ამბობს, არ უნდა მურმან დუმბაძეს კანდიდატის სტატუსიო. ასეთ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის. კანდიდატის სტატუსს არც მთავრობას აძლევენ, არც ოპოზიციას. კანდიდატის სტატუსს აძლევენ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოპონენტის თავისუფლებას, იმ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძესა და მურმან დუმბაძეებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მურმან დუმბაძის გაცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის“.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რეალურად, პათოსი და განწყობა, რომელსაც მურმან დუმბაძე გამოხატავს, არის პათოსი, რომელსაც იზიარებს სხვადასხვა ინტელექტის, დონისა და გაქანების მქონე ე.წ. ოპოზიციონერი.
„მურმან დუმბაძეს და მურმან დუმბაძეებს, ასეთ ტიპაჟებს საერთოდ არ იცნობენ ევროპაში. ხანდახან თუ კავკასიის ტელეარხზე გაიელვებს ხოლმე მისი ეს ისტერიული კივილ-წივილი. რეალურად, პათოსი და განწყობა, რომელსაც მურმან დუმბაძე გამოხატავს, ეს არის პათოსი, რომელსაც იზიარებს სხვადასხვა ინტელექტის, დონისა და გაქანების მქონე ე.წ. ოპოზიციონერი, რომელიც გაერთიანებულია რევოლუციურ შტაბში, სადაც იხარშება სტრატეგია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვინმეს თუ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს არ დაუახლოვდეს, როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ არავის არ უნდა შეხედოს, უნდა შეასრულოს ვალდებულებები.
„ამიტომ ანტიდასავლური პროპაგანდა და ის, რომ ვინმეს საქართველოში რაღაცის გახსნა უნდა, 12 პუნქტზე ზედაპირული დამოკიდებულებაა, რაც დაუშვებელია. რაც შეეხება იმას, ვინმეს უნდა სტატუსი თუ არ უნდა, ყველას ერთ ქვაბში მოთავსება წარმოუდგენელია. ვინმეს თუ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს არ დაუახლოვდეს, როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნება“. მათი მმართველობის სტანდარტები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ევროპულ ღირებულებებთან. ევროკომისიის გადაწყვეტილება როგორი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. მინდა, ჩემი სამშობლო ევროკავშირთან მალე დაახლოვდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია არა მხოლოდ ჩვენი თაობისთვის, არამედ სახელმწიფოებრიობის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.
“მე ჩემი მოსაზრება შემიძლია გითხრათ, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია და რომელსაც ჩვენ, ასევე ვაფიქსირებთ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმსახურებს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს ან ამ ხელისუფლების პირობებში არ იმსახურებს, მავნებლობაა და ახლა ამის თქმა არ შეიძლება.
“ყველა ვინც ამბობს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ან ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მიიღოს, ვფიქრობ და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის ძალიან დიდი მავნებლობა და ამ განცხადებების ახლა გაკეთება არ შეიძლება. პირიქით, ჩვენ დღეს, არა კანდიდატის სტატუსზე, არამედ კარგი ხელისუფლების პირობებში, უნდა ვლაპარაკობდეთ გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.