მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის”

“ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის.” – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიმტკიცის დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

“დღეს ურთულესი დროა, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლისა და ქმარისგან და შვილებისგან. განსხვავებული ხასიათებია, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხი გაამთლიანა და გახადა ერთიანი. 

“თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი რა გვეშველება მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი.

“დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატებთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი.” – განაცხადა ილია მეორემ.

მოისმინეთ პატრიარქის ხმა.

მოგვიანებით, სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს და მოსახლეობა დალოცეს.

ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button