ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი უზენაესმა სასამართლომაც გაამართლა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, მიხეილ გრემელაშვილი, უზენაესმა სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატის ადვოკატს უკვე ჩაბარდა.
ქეთევან ზაქარიაშვილის განმარტებით, ორი ინსტანციის სასამართლოს გამმართლებელი განაჩენი, უზენაესის კოლეგიამ ზეპირი განხილვის გარეშე მოისმინა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახურ ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვაში ბრალდებული , მიხეილ გრემელაშვილი, უკვე სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ყველაფერს საფუძვლად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის დასაბუთებული განაჩენი დაედო, სადაც ძალიან ზუსტად იყო ჩამოყალიბებული, რატომ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო. სასამართლომ არ დაუშვა უდანაშაულო ადამიანის დასჯა, საკმაოდ მძიმე ბრალდებებში და ვთვლი, რომ ასეც უნდა მომხდარიყო”- განაცხადა ზაქარიაშვილმა.
თელავის საკრებულოს ყოფილი წევრი, მიხეილ გრემელაშვილი, პოლიციამ 2020 წლის 8 ივლისს დააკავა.
პროკურატურა დეპუტატს ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა.
გამოძიების ინფორმაციით, გრემელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლ-შვილს და მათზე ფიზიკურად იძალადა.
მიხეილ გრემელაშვილის ოჯახის წევრებზე ძალადობდა, სოციალური ქსელით, მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.
მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.
არჩევნებში გრემელაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის დროს, მან პარტია დატოვა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა.