კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოჯახური დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი დააპატიმრეს

ცოლმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა და დღეს, ქმარი დააპატიმრეს. შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, 1 ივნისს მოხდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა დანით ზურგის არეში მიაყენა.
მამაკაცს მკურნალობა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარეს თუმცა, მეუღლის ინფორმაციის საფუძველზე, ის დააკავეს და მკურნალობას, საპატიმროში განაგრძობს.

მამაკაცის მიმართ, საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, დღეს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი ამბობს, რომ საქმის კვალიფიკაცია არასწორია და ქალისათვის დაჭრის ფაქტზე, ბრალი უნდა წაეყენებინათ.

” გასაოცარი მდგომარეობაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეუღლემ დაჭრა, დანა ზურგში ჩაარტყა და ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. თუ თავს იცავდა, ზურგში როგორ ჩაარტყა, ან ხელები როგორ არ აქვს დასერილი, დანის წართმევის დროს. ადამიანს დრენაჟი უდგას, ჯერ ისევ მკურნალობა სჭირდება და ეს ციხეშია, ქალს კი, თითქოს არაფერი ჩაუდენია, მშვიდად ცდილობს, ქმარი მონსტრად წარმოაჩინოს. მე მესმის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ კანონი ყველას ერთნაირად უნდა იცავდეს”- განაცხადა ჩაველაშვილმა.

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა , ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, ივნისის ბოლოს ჩატარდება.

ახალგაზრდა ცოლ- ქმარს 5 წლის გოგონა ჰყავს, რომელიც ამჟამად, დედასთან იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button