რეგიონი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

37 წლის ნინო ზაალიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, წლინახევრის შვილთან ერთად ცხოვრობს.
ახალგაზრდა ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მცირეწლოვან შვილთან ერთად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ზაალიშვილის ბინის ქირას სოფელ გულგულაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია იხდის.
მარტოხელა დედის ყოველთვიური შემოსავალი 80 ლარია, რომელიც მას მეორე ჯგუფის ინვალიდობისათვის დაუნიშნეს.

” მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ფეხის პრობლემა მაქვს და გადაადგილება მიჭირს. სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭეს, მაგრამ დახმარებას ჯერ ვერ ავიღებ. არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები არ მაქვს, სარეცხს ხელით ვრეცხავ, საჭმელს ღუმელზე ვაკეთებ, გაზი არ მაქვს, მხოლოდ დენი გვაქვს”– ამბობს ზაალიშვილი.
მარტოხელა დედას დამხმარე არავინ ჰყავს. სოფელში არც შესაბამისი სამუშაო იძებნება, რაც ნინო ზაალიშვილის ფიზიკურ შესაძლებლობებს შეესაბამება. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ სათნოების სახლიდან მიღებული ულუფა ბავშვის გამოსაკვებად სრულყოფილი არ არის.

“ვიღებთ საკვებს სათნოების სახლიდან, მაგრამ ეს საკვები უფრო დიდი ადამიანის საჭმელია. ბავშვს სხვაგვარი კვება სჭირდება, რის შესაძლებლობაც არ მაქვს. ტანსაცმელს გვჩუქნიან კეთილი ადამიანები, მაგრამ ყველას საკუთარი თავი უჭირს სოფელში, ხომ იცით”– გვეუბნება ნინო.
მარტოხელა დედა, ბავშვის სრულფასოვანი კვებისა და მოვლისათვის საზოგადოების დახმარებას ითხოვს.

” ჩემთვის არაფერი მინდა. მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები და კომფორტის სხვა საშუალებები, არაფერი მაქვს, ამაზე არც ვფიქრობ. საზოგადოებას ვთხოვ, ბავშვის სრულფასოვან კვებასა და მოვლაში დამეხმაროს. ბავშვი თუ ვერ გამოვკვებე, ათასი ავადმყოფობა შეიძლება გაუჩნდეს და რა მეშველება მაშინ. კიდევ ვამბობ, ჩემთვის არაფერი მინდა, ოღონდ ჩემი შვილის ნორმალური კვება შევძლო”- ამბობს მარტოხელა დედა.

ნინო ზაალიშვილი და მისი წლინახევრის შვილი საზოგადოების თანადგომის იმედად არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button