ოკუპანტები კიევის აღებისთვის ემზადებიან
არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ-უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოკუპანტები კიევის აღებისთვის ემზადებიან – დედაქალაქის მისადგომებთან რუსული ტანკები გადაადგილდებიან. ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. პარალელურად, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. რუსეთი საჰაერო დარტყმებს არ წყვეტს.
აგრესორის დასახვედრად ემზადება თავად დედაქალაქიც. ქალაქის ქუჩებში ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებია განლაგებული. მობილიზებულია სამხედრო და ჯარი.
კიევის მერის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები დედაქალაქთან ისევ გრძელდება.
კიევის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გრძელდება. განსაკუთრებული გაშმაგებით მტერი ანადგურებს ბუცას, გოსტომელს, ვორცელს, ირპენს. განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. მოკლეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო იმ დროს, როცა ხალხს საკვებს და წამალს ურიგებდა. ეს არის ჩემი კოლეგა, რომელსაც კარგად ვიცნობ. ქალაქების ასოციაციაში თანამშრომლობის დროიდან. იური პრილიპკო ბოლო ამოსუნთქვამდე იყო ხალხთან, ზრუნავდა ხალხზე, – განაცხადა კლიჩკომ.
რუსეთმა უკრაინას შესთავაზა რამდენიმე ჰუმანიტარული დერეფანი, თუმცა წინადადება გულისხმობდა მის მიერ დაბომბილი ქალაქებიდან უკრაინელი მოსახლეობის მისსავე ან მოკავშირე ბელორუსის ტერიტორიაზე გაყვანას. ამ შეთავაზებას კიევმა ამორალური უწოდა და მასზე უარი თქვა.
“ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ და ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისით მოგუდონ. ქალაქის ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელსაც კი, რომ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, ეს მარტივი არ არის, რუსი ტერორისტები ხომ სიტყვას არ ასრულებენ. ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი. ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ტურებიც კი არ იქცევიან ასე. დრო, როდესაც რუსული ჯარის წვეულები დაიწყებენ სარდაფებში დამალვას იმისთვის, რომ ისინი ომში არ გაგზავნონ, სწრაფად გვიახლოვდება. არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ – ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები,” – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.
გარდა ამისა, უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მხარეები მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან, რუსული დელეგაცია უკვე გზაშია და ბელორუსში მიდის.
პარალელურად, საოკუპაციო ძალები შეტევას განაგრძობენ, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ქალაქ ბელა ცერკოვში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომლებსაც მოხუცები და ბავშვები აფარებდნენ თავს. იერიშების პარალელურად უკრანული მხარე აცხადებს, რომ შეიარაღება იზრდება და უკრაინა დახმარებას მოკავშირეებისგან აქტიურად იღებს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს.