ოკუპანტები კრემენაიას შტურმით იღებენ

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსული ძალები თითქმის მთელი საათია კრემენაიას შტურმით იღებენ.
“ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით ვითარება რთულია. სწორედ იქ მოახდინეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მაქსიმალური ძალისხმევის კონცენტრირება. მტერმა იქ უამრავი რეზერვი გამოიყენა. რაშისტები თითქმის მთელი საათია კრემენაიას შტურმით იღებენ. იქაც „ყრიან“ თავიანთ თანამედროვე აღჭურვილობას”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები ამინდის პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე კვირაში ელიან და ამ მიმართულებით კონტრშეტევას გეგმავენ. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს მიაღწიონ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის ოლქში ვითარება რთული რჩება, მაგრამ კონტროლირებადი.
დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით მტერი უკრაინული თავდაცვის გარღვევას ცდილობს. გენშტაბის თქმით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს.
რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის ქალაქ ავდიივკაში სკოლა დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა სკოლას ორი რაკეტა ესროლეს. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადგილობრივი.
UNIAN-ის ინფორმაციით, სკოლაში 11 მარტის მონაცემებით 18 ბავშვი სწავლობდა.