ოკუპანტები ცდილობენ ავდეევკის ალყაში მოქცევას-უკრაინამ ავდეევკის და კუპიანსკის მიმართულებით თავდახმა მოიგერია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა ყველაზე მეტად ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებით ხორციელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდეევკის მიმართულებით – 30, კუპიანსკის მიმართულებით კი 12 თავდასხმა მოიგერიეს. სულ ბოლო დღე-ღამეში უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა სამი სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა განახორციელა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 64-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი.
გარდა ამისა, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე 14 „კამიკაძე დრონით“ განახორციელეს იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა. რუსეთის აგრესიის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულება. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე უტევს სინკოვკას და კუპიანსკის მახლობლად მდებარე კიდევ რამდენიმე რაიონს, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 12 შეტევა მოიგერიეს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 22 ნოემბერს, რუსეთის ჯარებმა სინკოვკის რაიონში წინ წაიწიეს და კუპიანსკის ხაზის გასწვრივ შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაიკავეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ფრონტის სხვა მიმართულებებს, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა, უკრაინელი სამხედროები თავს მედგრად იცავენ და გასულ 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოიგერიეს 30 შეტევა. გენშტაბის ცნობითვე, 18 იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის მიმართულებითაც.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა რუსეთის ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 24 რაიონზე განახორციელეს დარტყმა.