მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 298 420 ჯარისკაცი დაკარგა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს, დაშავდა თერთმეტი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში მტერმა 90 შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან 516 ჭურვი გაისროლა, იყო სარაკეტო დარტყმაც“, – განაცხადა პროკუდინმა.

პროკუდინის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში დასახლებულ პუნქტებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და მაღაზიებს დაარტყეს.

შეტევების შედეგად თერთმეტი ადამიანი დაშავდა.
ამასთან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ხერსონის ოლქში წინ მიიწევენ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ. უკრაინელები თავიანთ პოზიციებს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები მათ განდევნას ცდილობენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამასთან, გუშინდელი ISW-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავდეევკასთან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი ძირს უთხრის რუსების შეტევით შესაძლებლობებს. ბოლო ცნობებით, რუსები აქტიურად ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 298 420 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button