ოკუპანტებმა კიევს კვლავ “შაჰიდის” დრონებით შეუტია

რუსეთმა უკრაინაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 15 დამრტყმელი დრონით შეუტიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი). საჰაერო ძალების ცენტრალური და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში განადგურებულია 11 დრონი. ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები.
დრონებით წუხანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ კიევი იყო. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ეს ამ თვეში კიევზე საჰაერო იერიშის მესამე შემთხვევაა.
“მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – ამბობს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.
მათი თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ, მიმდინარეობს ოპერატიული მონაცემების განახლება.
ერთი დღით ადრე, 11 ივლისს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოიგერიეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26.