ოკუპანტებმა კრამატორსკის მიმართულებით ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს

უკრაინის ცნობით, კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა და დაშავდა 56 ადამიანი უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 27 ივნისს, საღამოს, ერთი რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე კვების ობიექტს, მეორე კი კრამატორსკთან მდებარე სოფელ ბელენკოეში ჩამოვარდა. დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს
დაღუპულთა შორის 3 მოზარდია. ერთი 17 წლის, დანარჩენი ორი კი 14 წლის დები იყვნენ. დაჭრილებს შორის ერთი თვის ბავშვია კრამატორსკში დაჭრილებს შორის 3 კოლუმბიის მოქალაქეა. BBC-ს ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციიდან(Aquanta Ucraina) აცნობეს, რომ დაიჭრნენ ორგანიზაციის დამფუძნებელი, კოლუმბიელი დეპუტატი სერხიო ხარამილიო, მწერალი ეკტორ აბადი და ჟურნალისტი კატალინა გომესი. დაჭრილია მათი თანმხლები უკრაინელი მწერალი ვიქტორია ამელინაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმას უწოდა ტერორის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც უკრაინას და მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი იმსახურებს მხოლოდ დამარცხებას და ტრიბუნალს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და “რუსეთის სასტიკი დარტყმები” დაგმო.
“ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც მასობრივი სიკვდილი და ნგრევა გამოიწვიეს,” – ამბობს კირბი.
მისი თქმით, აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იარაღის და აღჭურვილობის მიწოდებას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად.
ცნობისთვის, 27 ივნისის ღამეს რუსეთმა ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევას დაახლოებით 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვი. დაშავდა 56 ადამიანი.