“ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უკანასკნელ მატჩამდე 1 დღე რჩება და ამ თამაშზე ქართული რაგბის ისტორიის ბედი გადაწყდება.

თუ მიმდინარე ტურნირს ნაკრები გამარჯვებით დაასრულებს, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავტომატურ კვალიფიკაციას მოიპოვებენ, რისი შესაძლებლობაც აქამდე ქართულ რაგბს არასდროს მისცემია.

მზადება მსოფლიო თასის უკანასკნელი მატჩისთვის

მას შემდეგ რაც ნაკრები შაბათს საღამოს ექსეტერთან მდებარე სოფელ ვუდბერის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, მატჩისთვის მზადება გუნდმა მხოლოდ გუშინ დაიწყო. კვირის ვარჯიში დატვირთული არ ყოფილა და ბორჯღალოსნებმა დღე აღდგენასა და დარბაზის მსუბუქ ვარჯიშს დაუთმეს.

დღეს კი გუნდმა ‘ვუდბერი პარკში’ სრულყოფილი მზადება დაიწყო და ვარჯიშის შემდეგ ექსეტერელ ბავშვებს პატარა მასტერკლასიც ჩაუტარა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნამიბიის წინააღმდეგ

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ნამიბიას ‘სენდი პარკზე’ გაუმართავენ. 48 საათით ადრე სამწვრთნელო შტაბი სამატჩო შემადგენლობას აცხადებს.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო განაცხადში ვერ მოხვდნენ ლაშა ხმალაძე, გიორგი ფრუიძე და ლევან ჩილაჩავა – ბორჯღალოსანთა ბურჯმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში წვივის კუნთი დაიზიანა და სამწუხაროდ მსოფლიო თასის უკანასკნელ მატჩს ტრიბუნიდან უყურებს. კარგი ამბავია ის, რომ მერაბ კვირიკაშვილი,რომელმაც მუხლის მყესის დაჭიმულობის გამო ერთი თამაში გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

მერაბ კვირიკაშვილი

„სამ დღეზე ცოტა მეტი დავისვენე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ დღეს პირველად ვივარჯიშე და არანაირი ტკივილი და დისკომფორტი არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ნამიბიასთან სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ.“

მილტონ ჰეიგი მამუკა გორგოძის შესახებ:

„მამუკამ დღევანდელი ვარჯიში მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვინდოდა კაპიტანი ცოტა დაგვესვენებინა, რადგანაც ამ მსოფლიოზე ყველაზე დიდი ხანი მას მოუწია ითამაშა და თანაც, იცით, მისი შემტევი სტილი.

„ბევრს გაუკვირდა მისი შემადგენლობაში ყოფნა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, ჩემი პასუხი კი ერთია – ის გუნდის კაპიტანია. ჩემი აზრით, კაპიტანმა ყველა მატჩი უნდა ითამაშოს, რა თქმა უნდა,თუ ეს შეუძლია. დარწმუნებული ვარ ის ამ მატჩსაც ღირსეულად წარუძღვება.“

მსგავსი პოსტები

Back to top button