ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

გუშინ, 31 ოქტომბერს, შიდა ქართლში,საოკუპაციო ხაზთან სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 115-ე შეხვედრის დაწყების წინ მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
52 წლის მევლუდ ლაღოშვილი გუშინ, 22:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა დააკავეს. მწყემსი, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს, საქონლის სამწყემსად იყო წასული, და სწორედ ამ დროს დააკავეს.
“მოზვერი უნდა გამოეყვანა, გაღმა ება, რა მოხდა, არაფერი ვიცით. იმის მერე აღარ შეგვხმიანებია. გუშინ გაგვაგებინეს, რომ აქ გვყავსო. სხვა არაფერი არ ვიცით, არ უთქვამთ, როდის გამოუშვებენ,” – ამბობს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის შვილი, ხატია ლაღოშვილი.
გატაცებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა ამჯერადაც თავად გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი, რადგან ლაღოშვილი ტერიტორიას კარგად იცნობს და ის ე.წ. საზღვარზე არ გადავიდოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა – “მთელი ღამე სროლა იყო, ვერ ვიძინებთ შიშით, სოფელში ხალხი შეშინებულია”- ამბობენ ადგილობრივები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის ცხელი ხაზი გაააქტიურა, ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და პარტნიორებს. ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
“მთავარი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება… დაკავება მოხდა ოსურ სოფელ გვირგვინასთან, რომელსაც ესაზღვრება ქართული სოფელი ტახტისძირი”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.
მედიის ინფორმაციით უკანონოდ დაკავებულია მევლუდ ლაღოშვილი ტახტისძირელი მწყემსი, ის სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.
დღეს, 1 ნოემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ინციდენტებზე ერგნეთის შეხვედრაზე მსჯელობენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს გუშინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიიდან.