ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს
ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი; ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.
საოკუპაციო ძალების გააქტიურებას ადასტურებენ ატოცის მცხოვრებლებიც. მათი თქმით, თუ აქამდე ოკუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეებში ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ.
მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.
სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე.