ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო სიტყვების – “Слава Україні”-ს წარმოთქმის გამო ჩაცხრილეს
რუსეთმა ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით შეტევების რაოდენობა გაზარდა.

უკრაინული ტელეგრამ არხები არცელებენ სავარაუდოდ რუსი ოკუპანტის მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია, როგორ ჩაცხრილეს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი რუსმა სამხედროებმა ფრაზისთვის – “დიდება უკრაინას”.
ვიდეოში ჩანს ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგს ამბობს. ამის შემდეგ რუსები მას ესვრიან და აგინებენ.
ჯერჯერობით უცნობია სად და როდის არის გადაღებული ხსენებული ვიდეო.
ამასთან ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთმა ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით შეტევების რაოდენობა გაზარდა.
“მტერმა ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით დაბომბვისა და შეტევების რაოდენობა გაზარდა. ვითარება სტაბილურია. ჩვენ დამცველებს იქ დაწინაურება შეუძლიათ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გუშინ ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ყველაზე რთული მონაკვეთებია კრემენაია და ბელოგოროვკა. მისი თქმით, კრემენაიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მთელი ძალისხმევაა კონცენტრირებული, რის გამოც იქ მუდმივად იგზავნება მძიმე ტექნიკა და ქვეითი ჯარი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა.
ამავდროულად, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მტერი მუდმივად ცვლის ტაქტიკას, თუმცა რუსული ძალები თავდაცვის გარღვევასა და წინსვლას ვერ ახერხებენ.