მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი ბახმუტს არ თმობს- რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 15 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქებზე: ბახმუტზე, ხერსონსა და ოდესაზე. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა 57 საავიაციო იერიში და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 101-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 36 შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა. მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) 17 მაისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე წერს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები წინ მიიწევენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამასთან, უკრაინის გარდა, რუსეთის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ 17 მაისს, უკრაინის ძალები ბახმუტის მახლობლად განაგრძობდნენ ლოკალურ კონტრშეტევებს. უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში უკრაინის ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის, სერგეი ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით დღის განმავლობაში 150-დან 1700 მეტრამდე მიიწევდნენ წინ.
როგორც მან განაცხადა, უკრაინელებმა გაანადგურეს 130 რუსი, დაშავდა 145, ხოლო ტყვედ აიყვანეს 4.
“ბახმუტი ისევ რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრად უკრაინის აღმოსავლეთში… ბრძოლების დროს ჩვენი ქვედანაყოფები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის უპირატესობა პერსონალში, საბრძოლო მასალაში და აღჭურვილობაში, აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე… ჩვენ ვახერხებთ 150- 1 700 მეტრამდე წინსვლას” – თქვა მან
ამასთან, ჩერევატიმ აღნიშნა, რომ რუსებმა უკრაინის პოზიციებს 487-ჯერ დაარტყეს, ასევე მოხდა 25 საბრძოლო შეტაკება და 6 საჰაერო იერიში.

რუსებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ცირკუნი დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვიTelegram-ზე ავრცელებს.
“გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ სოფელ ცირკუნზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე. მედიკოსები მათ ყველა საჭირო დახმარებას უწევენ”, – აღნიშნავს სინეგუბოვი.
მისივე ცნობით, მანამდე ხარკოვის ოლქის სოფელ ცირკუნს მტრის ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სინეგუბოვის განცხადებით, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დარჩენილი.
სინეგუბოვის ცნობითვე, ცირკუნზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად განადგურდა, დაზიანდა მრავალი კერძო სახლი და ფერმის შენობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button