მნიშვნელოვანი

ოკუპირებულ გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალა

დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული ენის სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

რუსული ენის სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, როდესაც მოსწავლეებს სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინათ.

დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

“გალის სკოლებში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლასიც დღეიდან ,,რუსულად“ გადაკეთდა, ქართულ ენას კი ,,უცხო ენის“ სტატუსი აქვს – ამ რეალობაში ცხოვრობს დღეს გალის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა.

საშიშია რეჟიმი, რომლის პირობებშიც ჩვენი პატარები ცხოვრობენ და სწავლობენ. სულ ცოტა ხნის წინ წერა-კითხვისა და წიგნიერების დღეს აღვნიშნავდით ( ვიწრო საზოგადოებაში, მაგრამ მაინც აღინიშნა)… ამ დროს გალის რუსულად გადაკეთებულ სკოლებში დარჩენილ ერთადერთ ქართულ სექტორს – მე- 11 კლასს რუსულად მოუწევს სწავლის გაგრძელება.

ქართული ენის პედაგოგები უცხო ენის პედაგოგის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას!

ქართულ სკოლებზე მიზანმიმართული შემოტევაა. მშობლიური ენის არაჩვეულებრივ, ნიჭიერ მასწავლებლებს დევნიან, ვერც რუსულად ასწავლიან, რადგან არ ჰყავთ კადრები! ჩვენ ამას შორიდან ან შემთხვევით ვიგებთ და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ცხოვრებას, თითქოს კონფლიქტის ზონაა და იქ მცხოვრებლები ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ! ჩვენ რა შეგვიძლია, ამაზე არავის, არც ერთ უწყებას, არც ერთ კომპენეტურ სტრუქტურას არ აქვს პასუხი, მათ შორის, ვისაც აფხაზეთის მოსახლეობაზე ზრუნვას კანონი ავალდებულებს!

უმძიმესი აღმოჩნდა ჩემთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სულ ორიოდე ფრაზით პირად კედელზე დატოვებული შეტყობინება:

,,უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, არავინ ფიქრობს სწავლის ხარისხზე, მთავარია რუსულად გადაკეთდეს სკოლა, იდეა-ფიქსად იქცა, რომ ქართული არ ისწავლებოდეს. რუსული კადრი კი სკოლაში არ არის. ფორმალური სწავლებაა, რის შედეგიც არავის აინტერესებს. არადა, როგორი ნიჭიერი ბავშვები გვყავს, რომელთა უფლებები ყოველდღე წარმოუდგენელ დონეზე ირღვევა. აქ უცხო ენის მასწავლებლის სტატუსი მაქვს, ქართულ ენას უცხო ენის სტატუსი მიანიჭეს. ისიც საკვირველია, რომ საერთოდ მაძლევენ მშობლიური საგნის სწავლების უფლებას“…

მძიმედ, ძალიან მძიმედ ვკითხულობ და ვგრძნობ, როგორ მწყდება გულში ძალიან დიდი რაღაც, ჩემი ბავშვობის ნაწილი. მხოლოდ იმას ვახერხებ, დავწერო, რა უმაგრესი სკოლები იყვნენ გალში – გამორჩეული მასწავლებლებით და წარმატებული მოსწავლეებით….

დღეს უფრო ნიჭიერი, უფრო მაგარი და უფრო ყოჩაღი ბავშვები სწავლობენ ამ სკოლებში და საჭიროებენ მხარდაჭერას, სერიოზული ნაბიჯების გადადგმას მთავრობისგან…

ის, რომ ოკუპირებული რაიონის სკოლადამთავრებული ეროვნულ გამოცდებზე შეღავათით სარგებლობს, რეალურად არანაირ შედეგს არ აძლევს განათლების სისტემას.
ნუ დავკარგავთ ნიჭიერ თაობას…

ამბიციებ-მოჭარბებულ, პირადი აინტერესებით და მტრობით გაღვივებულ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ საკითხისთვის არავის სცალია, მეტიც, ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ, რა პირობებში ცხოვრობენ ქართველი მოქალაქეები კონფლიქტის ზონაში და რის გაძლება უწევთ!

ფრთხილად, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება!”.-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარი ჩიტაია.

ცნობისთვის,ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, საგანგებო თათბირზე გააცნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button