მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხახდებით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. როგორც სუს-ის განცხადებაში არის ნათქვამი, დე ფაქტო სასამართლოს ამ უკანონო განაჩენს წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.

მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს.

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელი.

12 მაისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 106-ე შეხვედრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართულმა მხარემ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისევ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეგახსენებთ, ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გასული წლის 12 დეკემბერს გაიტაცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მას არარსებული საზღვრის კვეთასა და ნარკოტიკული ნივთიერების გადატანას ედავებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button