ოკუპირებული აფხაზეთი გაეროს დამკვირვებელი სტატუსის მინიჭებას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა „გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გაეროში დამკვირვებლის სტატუსის მოთხოვნას ეხმაურება.
საგარეო უწყების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება.
“საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას.
„ინალ არძინბასა და ალექსეი ბორისოვს შორის შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა. შეხვედრისას არძინბამ ბორისოვს გადასცა მიმართვა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისადმი, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მოუწოდებს, აფხაზეთის რესპუბლიკას მიენიჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი გაეროში, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა“, – აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, მიმართვაში ინალ არძინბა აცხადებს, რომ მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.