მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილ პრეზიდენტს “ეჭვი ეპარება”, რომ საქართველოს პრეზიდენტს “აფხაზეთის ხელისუფლებისა ან ოპოზიციის მიმართ სიმპათიები აქვს”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას “ეჭვი ეპარება”, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “აფხაზეთის ხელისუფლებისა ან ოპოზიციის მიმართ სიმპათიები აქვს”.

ეს განცხადება მან რუსულ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედიასაშუალება Ria Novosty-სთან ინტერვიუში გააკეთა.

ასლან ბჟანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში “სიტუაცია გაუარესდეს”.

“მე ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს სიმპათიები აფხაზეთის ხელისუფლებისა ან აფხაზეთის ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: “რაც უარესი, მით უკეთესი”, ამიტომაც გვილოცავს. ის არ არის დაინტერესებული აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით. ეს ცალსახა და გასაგებია. მე მის მილოცავს სწორედ ამ სახით ვიგებ”, – თქვა ასლან ბჟანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ “რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით”.

“მინდა, დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომდა დათმობებით შეიძლება რომ შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, – თქვა პრეზიდენტმა.

ამ განცხადებით ის ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

აფხაზეთში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება იქნება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„ეს უკანასკნელი საშუალებაა. ძალის გამოყენება არის უკანასკნელი საშუალება, რომლის გაუქმება შეუძლებელია. მაგალითად, სისხლისღვრა. ამის გამოსწორება შეუძლებელია. ახლა სიტუაცია საპირისპიროა“, – აღნიშნა ბჟანიამ.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ყოფილი წევრის თქმით, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ზრუნავენ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მაგრამ წინ არის არჩევნები, რომელზეც ხალხი თავის აზრს გამოთქვამს და ყველაფერი გაირკვევა.

„ეს გზა უფრო გრძელია, მოითხოვს მოთმინებას და ცივ გაანგარიშებას, მაგრამ უფრო სწორია“ – აღნიშნა ასლან ბჟანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button