ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ფარული კენჭისყრით, ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 “დეპუტატმა”,
იქამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბჟანიამ “თანამდებობიდან” გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ამ პოსტზე მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და მის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები დღეს უნდა დატოვონ.
ბჟანიას გადადგომა ოპოზიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. 15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზურ „საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება“ იგეგმებოდა, თუმცა “სესია” ვერ შედგა. ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. პარალელურად კი შენობის გარეთ აქცია გაიმართა, სადაც “კანონპროექტის” გაუქმებას ითხოვდნენ.
ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. მომიტინგეებმა რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს.
შეგახსენებთ, მხარეებს შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა აფხაზეთი დატოვა. 19 ნოემბერს, 15.00 სთ-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბჟანია ამბობს:
„ამ დროისათვის ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. ეს ადგილი არაფრით არ ჩამოუვარდება „კრასნაია-პოლიანას“, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა „კრასნაია-პოლიანისთვის“ არ მცალია, უამრავი საქმე მაქვს აქ. ძვირფასო მეგობრებო, არ აჰყვეთ იმ ადამიანების პროვოკაციებს, რომლებიც ასეთ აშკარა სიცრუეს ავრცელებენ.“ ინფორმაცია ასლან ბჟანიას აფხაზეთიდან გამგზავრების შესახებ „აფხაზურმა პორტალმა“ გაავრცელა.
„ასლან ბჟანიამ, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დატოვა”, – დაწერა გამოცემამ.
რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ “საპრეზიდენტო არჩევნებში”. 19 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი (სახალხო კრება) განიხილავს განცხადებას ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას “ვიცე-პრეზიდენტი” ბადრა გუნბა შეასრულებს, “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე კი “პარლამენტის ყოფილი სპიკერი” ვალერი ბგანბა დაინიშნება.
ასლან ბჟანიას გადადგომა აიძულა ოპოზიციამ. 15 ნოემბერს რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა “სამთავრობო შენობების” კომპლექსის გარშემო აღმართული ღობე მოანგრიეს და “პარლამენტისა” და “პრეზიდენტის ადმინისტრაციის” შენობები დაიკავეს.
პროტესტის ფონზე “პარლამენტმა” გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრა უნდა გამართულიყო. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ ბჟანიამ კი თავი მშობლიურ სოფელ ტამიშში შეაფარა.