მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ

“დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინასთან ომის ფონზე მოსკოვში პომპეზური აღლუმი იმართება.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ. როგორც რუსული მედია წერს, კრემლში უკვე მივიდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

მოსკოვში ვიზიტით იმყოფება სი ძინპინი, რომელმაც გუშინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

მოსკოვში იმყოფებიან ასევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, კრემლში იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი.

აღლუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება შეაფასა და თქვა, რომ მათი “მოვალეობაა, დავიცვათ წითელი არმიის ჯარისკაცებისა და მეთაურების ღირსება, დიდი გმირობა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისა, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში რუს ჯარისკაცებად“.

პუტინმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და თქვა, რომ მათ მხარესაა “სიმართლე და სამართლიანობა” და რუსეთში უმრავლესობა მხარს უჭერს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და ამაყობს მათი სულისკვეთებით”.

“ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით, სულის იმ ძალით, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გვანიჭებდა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, უკვე გავიდა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ცალმხრივად გამოცხადებული, ცეცხლის სამი დღით შეწყვეტის მეორე ღამე. უკრაინიდან მიღებული ცნობებით, რუსეთის არმიას თითქმის არცერთი სარაკეტო, საარტილერიო და დრონებით დარტყმა არ განუხორციელებია, თუმცა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია სუმის ოლქის ფრონტის ხაზზე მდებარე რაიონებში არაერთ სარაკეტო დარტყმაზე. მოსკოვის გარდა, სამხედრო აღლუმები რუსეთის ბევრ სხვა ქალაქშიც იმართება. ამასთან, ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის რეგიონების ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო გამოცხადებულია განგაშის რეჟიმი.

მოსკოვში უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული – გათიშულია მობილური ინტერნეტი, ონლაინ ბანკინგი და სხვა მსგავსი სერვისები.

წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მონაწილეობენ ასევე კრემლის „მოკავშირე“ სახელმწიფოების სამხედროებიც.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მოსკოვში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა მსოფლიოს 29 ლიდერმა დაადასტურა, თუმცა მიწვეულთაგან ზოგმა უარი თქვა.

ყველაზე გავლენიანი ლიდერი, რომელიც მოსკოვში ჩავიდა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინია, ის რუსეთს ოთხდღიანი ვიზიტიც ეწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button