ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის “დამნაშავედ ცნეს” დაქირავებულობაში (რუსეთის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში (სსკ-ის 317-ე მუხლი). ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.
გამომძიებლების ვერსიით, ბერიანიძე ქართულ ჯარში მსახურობდა და მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. ირწმუნებიან, რომ 2016 წელს ის სავარაუდოდ, კიევში ჩავიდა და შეუერთდა „აზოვის“ პოლკს.
„ის აღჭურვეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო ფორმით და სპეციალური საბრძოლო დანიშნულების ტექნიკით, რის შემდეგაც ის სამხედრო ინსტრუქტორის მოვალეობას შეუდგა აღნიშნულ ნაციონალისტურ შეიარაღებულ ფორმირებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერიანიძე მარიუპოლში იმყოფებოდა. ირწმუნებიან, რომ 2022 წლის მარტში მან თითქოს ესროლა სამ რუს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც „ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იმყოფებოდნენნ“. 2022 წლის მაისში ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, 2016 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე ნიკოლო ბერიანიძე იმყოფებოდა კიევში, შეუერთდა აზოვის პოლკს და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.
“ნიკოლო ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში მსახურობდა. “სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წელს ჩავიდა კიევში, სადაც შეუერთდა უკრაინულ ნაციონალისტური ბატალიონის „აზოვის“ რიგებს. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო როგორც დაქირავებულს, დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ბატალიონში ქართველი სამხედრო ინსტრუქტორად მსახურობდა.
ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 18 მარტს დაქირავებულმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. შემდგომში ქართველი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.”- წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ნიკოლო ბერიანიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.
„აზოვის“ პოლკი 2014 წელს შეიქმნა, როგორც მოხალისეთა ფორმირება, მის დამაარსებლებს შორის იყვნენ აქტივისტები ულტრამემარჯვენე შეხედულებებით. ამავდროულად, „აზოვის“ ბევრი მებრძოლი ხაზს უსვამდა, რომ ისინი ნეონაცისტები არ არის და თავად პოლკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილი.
ამასთან
აზოვის მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლის დაცვაში, 2022 წლის გაზაფხულზე რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით უკრაინამ მებრძოლების ნაწილი რუს ტყვეებში გაცვალა. ზოგ მათგანს რუსეთში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ შორის იყო ალექსანდრე მაქსიმჩუკი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაცვლისა და უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მან ისაუბრა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ წამებაზე.