მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის მაკავშირებელ ჩონგარის ხიდზე აფეთქება მოხდა

უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს და ხერსონის ოლქს. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.
“კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მოსახლეობის დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ შეგვიძლია ხიდების სწრაფად შეკეთება: ავტომობილების მოძრაობა რაც შეიძლება მალე აღდგება”, – წერს ე.წ. ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები Telegram-არხებზე წერენ, რომ აფეთქების შედეგად ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ დანარჩენ ტერიტორიებს შორის სახმელეთო ხიდის მუშაობა არ შეჩერებულა.

მათივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ. დე ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონს “3 ხიდი აერთიანებს და 1 ხიდის დაზიანებით ლოჯისტიკურ მიმოსვლას ვერ შეაფერხებს”.
“ხიდზე გზის საფარი დაზიანდა, ადამიანური მსხვერპლი არ არის”, – წერს ის.

გზა ჩონგარით არის უმოკლესი გზა ყირიმიდან მელიტოპოლამდე და შემდგომ სამხრეთ ფრონტამდე, სადაც ახლა უკრაინის არმია ცდილობს წინსვლას. ზუსტად როდის მოხდა დარტყმა, სალდომ არ დააკონკრეტა.

უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ბრიტანული რაკეტები Storm Shadow. ამასთან, სალდოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჩონგარის ხიდის აფეთქების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

2022 წლის ივლისში, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში, სარაკეტო დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანტონოვკის ხიდი.
2022 წლის ოქტომბერში, აფეთქება მოხდა ქერჩის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button