მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებული სოხუმი ბერუჩაშვილის განცხადებას ცინიკურს უწოდებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

თამარ ბერუჩაშვილი წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოზარდებს ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მის ამ პოსტს კი, თან ერთვის ფოტო, სადაც ჩანს გოგო, რომელსაც ხელოვნური მავთულხლართების გამო არ ეძლევა საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

ე.წ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პოსტი მიზნად ისახავს, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული დამოკიდებულების წარმოჩენას აფხაზეთის გალის რაიონის მცხოვრებლების მიმართ, კერძოდ, ქართულ ენაზე განათლების მიღების კონტექსტში.

სოხუმისვე შეფასებით, ეს მორიგი “ცინიკური თავდასხმაა” საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მხრიდან.

“თითქოს ბავშვებზე ზრუნვის საბაბით, ელჩი აფხაზეთის დემონიზებას ცდილობს და მიკერძოებულ შთაბეჭდილებას ქმნის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონის მცხოვრებლები სარგებლობენ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლებით. აგრეთვე, სხვა ძირითადი უფლებებით.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტრო ამბობს, რომ მსგავსი “ცრუ ფაქტების” ტირაჟირებით, თბილისი ცდილობს აფხაზეთის ბლოკადას და იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებას. ამასთან, სოხუმის თქმით, სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ამ დამახინჯებულ ინფორმაციებს ერთადერთ სანდო წყაროდ მიიჩნევენ. ამ ფონზე კი, სოხუმის განმარტებით, საქართველოს მხრიდან არაერთი სერიოზული დარღვევა “აფხაზეთის მოქალაქეების” მიმართ, შეუმჩნეველი ხდება.

ამავე განცხადების მიხედვით, “საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს არ ესმით, რომ ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ხელს უშლის მხარეებს შორის ნაყოფიერი დიალოგის შესაძლებლობას.”

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოახლოებული კონსულტაციების დროს, თბილისის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე “აფხაზეთის რესპუბლიკის” იმიჯის საწინააღმდეგოდ არასწორი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ ისაუბროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button