პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ეხმაურება

 

ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიერ რუსეთის დუმის არჩევნებში მონაწილეობას, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის  პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე  განაცხადა ,რომ  პრეზიდენტი გმობს მომხდარ ფაქტს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს, სადაც საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.

ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით,  ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114  ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button