ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი პენსიონერმა ჯოხით სცემა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს პენსიონერი თავს დაესხა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ „ტელეგრამ“ არხზე „საპა ცხინვალზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, ალან გუჩმაზოვს 68 წლის პენსიონერი ჯოხით თავს მაშინ დაესხა, როდესაც გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელ ხვწეში ადგილობრივებს ხვდებოდა.
არხის ინფორმაციით, 10 მაისს გუჩმაზოვი ჯავის რაიონის სოფელში შეხვედრას მართავდა, რა დროსაც “ადგილობრივს შენიშვნა მისცა, ნუ უშლიდა ხელს სხვებს”, საპასუხოდ პენსიონერმა მას ხელში რამდენჯერმე ჩასცხო ხელჯოხი.
პენსიონერი დააკავეს და დროებითი მოთავსების საკანში გადაიყვანეს. “საპა” წერს, რომ სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილი ნასვამი იყო. გამოცემა არ აზუსტებს, რა მუხლით აღიძრა საქმე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес-სა” და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.