,,ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ,,- ოპოზიცია ზურა ჯაფარიძის პატიმრობაზე

ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც სასამართლო სხდომათა დარბაზში ზურა ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
ნიკა გვარამიას განცხადებით, საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება კიდევ უფრო გართულდება.
არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმი დგას დაჭერებზე და შიშზე, ბიძინა ივანიშვილს კი უკან დასახევი გზა არ აქვს.
„ამდენჯერ პატიმრობაში ვარ მე თვითონ ნამყოფი და დღეს რაც მოხდა, მართლა ნამეტანი იყო. მეგობრებო, უნდა დავიჯეროთ და შეკითხვები არ დავსვათ, იქნება რამე? არაფერი არ იქნება, თუ არ დაემხო ოლიგარქია. ყველას ასე ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ იქნებ ახლა სხვანაირად მოხდეს, არ მოხდება სხვანაირად. რეჟიმი დგას მარტო დაჭერებზე და შიშზე. არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები და ა.შ. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა, თუ გვინდა, რომ ხალხი იყოს გარეთ, თუ გვინდა, რომ შეკითხვები არ ისმოდეს, რა მოხდება და როგორ მოხდება. ოლიგარქია სანამ იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ მკაფიო და რადიკალური, ზოგიერთს რომ ეგონა აშშ-მა ეს თქვა გუშინ და ბიძინა გადაიფიქრებსო, ასე არ არის. ბიძინას არ აქვს უკან დასახევი გზა, ბიძინა არის უმძიმეს ჩიხში. აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორემ არ შემსუბუქდება. საშიშია ეს საქართველოსთვის? ძალიან. ამძიმებს ეს პროტესტის მდგომარეობას? პირიქით, ამსუბუქებს, რადგან გიჟის მდგომარეობაში რაც უფრო შევა ბიძინა ივანიშვილი, მით უფრო დასუსტდება და უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს“, – განაცხადა გვარამიამ.
ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურა ჯაფარიძემ სისტემა ათრია! მთელი რეჟიმი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში მოამწყვდია, სადაც ორივე გადაწყვეტილება რეჟიმისთვის საზიანოა – არ დაიჭერენ დაზიანდებიან, დაიჭერენ დაზიანდებიან, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“პროცესზეც ამხილა პოლიცია ჯარად რომ გამოიყვანეს და მოსამართლე, რომელიც ევროპულ კონვენციას არღვევს და დაცვის გარეშე ტოვებს ანუ საკუთარ საფლავს ითხრის.
მადლობა ზურა ბრძოლის მაგალითისთვის. ასე ინჯღრევა სისტემა. გავაგრძელებთ“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოსთვის დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში.
„ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილეები და მთავარი აქტორები. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ, და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი.
„ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.