ოლიმპიური თამაშები და ვირუსი ზიკა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წერილი მიიღო, რომელსაც ხელს აწერენ სოკ-ის მედიცინისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე უგურ ერდენერი და ამავე კომისიის დირექტორი რიჩარდ ბაჯეტი.
წერილში ნათქვამია, რომ „ამერიკის კონტინენტზე, ბრაზილიის ჩათვლით, გავრცელებული ზიკას ვირუსის გამო შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით, რომლითაც უკვე 1,5 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალური განცხადებით მსოფლიოს ოლიმპიურ კომიტეტებს მიმართავს და აუწყებს მათ, რომ სოკ-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და “რიო-2016”-ის საორგანიზაციო კომიტეტთან. სოკ-ი ბრაზილიაში ვირუსის გავრცელების შესახებ არსებული მდგომარეობის შესასწავლად მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. თავის მხრივ, “რიო-2016”-ის საორგანიზაციო კომიტეტი მუდმივ კავშირშია ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მუნიციპალურ დეპარტამენტთან, რომლებიც ბრაზილიასა და რიოში არსებულ სიტუაციაზე უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი.
თითოეულ შესაბამის მხარეს შემუშავებული აქვს სპეციალური გეგმა თამაშებამდე და თამაშების მსვლელობის პერიოდში, რათა წყლის შემოწმება და თამაშების არენებზე კოღოების გავრცელების საწინააღმდეგო პროცედურების ჩატარება ყოველდღე მოხდეს. “რიო-2016”-ის საორგანიზაციო კომიტეტი ვირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებისა და მასზე მკაცრი კონტროლის დასამყარებლად ყველა გზას მიმართავს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიოში ოლიმპიური თამაშები ზამთრის პერიოდში ჩატარდება, ცივი კლიმატი კი კოღოების გავრცელების არეალს მნიშვნელოვნად შეამცირებს და, ამდენად, ინფექციის რისკსაც”.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა, რომ ვირუსი ზიკა წარმოადგენს გლობალური მასშტაბის პრობლემას და მასთან საბრძოლველად საგანგებო შენაერთი ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მარგარეტ ჩენის თქმით, „უაღრესად დამაფიქრებელია თანხვედრა კოღოების გავრცელების მასშტაბსა და სამხრეთ ამერიკაში მიკროცეფალიის შემთხვევების ზრდას შორის. ამიტომაც ექსპერტები საჭიროდ თვლიან ამ მიმართულებით კვლევების ჩატარების მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციას”.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ამ განცხადების მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა ჯანმთელობას საფრთხე არ დაემუქრება: „ჩვენ მივესალმებით WHO-ს გადაწყვეტილებას ახალ ვირუსთან ბრძოლის გაძლიერების თაობაზე. მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს და ამ პრობლემის მოგვარებაში რაც შეიძლება მეტი რესურსი ჩავრთოთ”.
როგორც თომას ბახმა აღნიშნა, სოკ-ს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, ბრაზილიაში ჩასვლა კი ყველასთვის ნებადართულია.
თავის მხრივ, ბრაზილიის მთავრობა ვირუსთან საბრძოლველად საგანგებო ზომებს მიმართავს. ჯანმრთველობის დაცვის მინისტრის, მარსელო კასტროს ცნობით, ამ საქმეში ჩართულია 200 ათასამდე ბრაზილიელი ჯარისკაცი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კოღოების გავრცელების შესაძლო კერებს სპეციალურ სითხეს ასხურებენ.
ექსპერტთა ნაწილი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგაშო განცხადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს, თუმცა ყველანი თანხმდებიან, რომ ზიკას ვირუსს ადამიანის ჯანრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალებისთვის, სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.