ომბუდსმენი გურჯაანის ინციდენტების დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი, გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი გმობს ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა ადეკვატურად შეფასდეს მომხდარი, გამოვლინდეს ყველა პასუხისმგებელი პირი და სათანადო სამართლებრივი შედეგები დადგეს მათ მიმართ.

“სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით მსგავსი დაპირისპირება ბოლო პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის. მნიშნელოვანია, თითოეული ასეთი ფაქტის ძალზე დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო გამოძიების შედეგებისა და გატარებული ზომების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას გაუჭირდება შეაკავოს მსგავსი ფაქტების განმეორება, არაეფექტური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, შესაძლოა, ერთ–ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ამავდროულად, 20 და 22 აპრილს გურჯაანში მომხდარი ინციდენტების შესწავლისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამართალდამცავთა როლს – რამდენად ეფექტურად განახორციელეს საკუთარი საქმიანობა და რამ შეუშალათ ხელი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში.

თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან”, – ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button