ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, ცვლილებები შეიტანოს „აგენტების კანონიდან“ გამომდინარე გამოცემულ ბრძანებაში
30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.
ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი იმ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ.
საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს.
“სახალხო დამცველმა შეაფასა იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1-ელი აგვისტოს №1019 ბრძანების დისკრიმინაციულობის საკითხი, რომელიც ეხება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ საფინანსო დეკლარაციაში ასასახი, როგორც დასაქმებულთა, ასევე მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების, ბენეფიციარების და სხვა პირთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება.
სახალხო დამცველის შეფასებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ასეთ საქმეში, ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი, გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა.
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართავაში.
ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა, რომ ცვლილებები შეიტანოს ბრძანებაში, რათა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებში ორგანიზაციებში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს. ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად, ორგანიზაციების ნების საწინააღმდეგოდ, დაარეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ. 31 აგვისტოს დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა, სადაც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ. სამდღიანი დებატებისა და კითხვების შემდეგ, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.
სასამართლომ – მოსამართლეთა პლენუმმა – ახლა ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს:
დაიწყებს თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას;
თუ განხილვას დაიწყებს, დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის, ან რა ვადაში იქნება გადაწყვეტილებები.