მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი ისრაელში-ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავი დილის 7 საათზე იწურებოდა, თუმცა რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზავი გახანგრძლივდებოდა, რადგან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდებოდა.
“ჰამასმა” გუშინ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. მათ ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ.
ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დღეს, 30 ნოემბერს, დილით დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ.

ჰუმანიტარული პაუზის ამოწურვამდე ჰამასმა ისრაელს 7 ქალისა და ბავშვის, ასევე დაღუპული სამი ისრაელელის ცხედრის გადაცემა შესთავაზა, ვინაიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი მეტი ქალი და ბავშვი ვერ იპოვეს. მაშინ მძევლები არა მხოლოდ ჰამასმა, არამედ სხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა აიყვანეს. ისრაელმა შეთავაზება უარყო და განაცხადა, რომ მზადაა პაუზის გახანგრძლივებაზე, სანამ ჰამასი ყოველდღე მინიმუმ 10 ცოცხალ მძევალს გაათავისუფლეს. ისრაელის დათვლის, მძევლად სულ მცირე 15 ქალი და ბავშვი რჩება.

6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
ოთხშაბათს ღაზიდან 16 მძევალი, მათ შორის 10 ისრაელელი, ტაილანდის 4 მოქალაქე და ებრაული წარმოშობის რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამასთან, ციხიდან გამოუშვეს 30 პალესტინელი პატიმარი.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
შეგახსენებთ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button