მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში ისევ ბომბავენ რუსები ქალაქებს

ნიკოლაევის ოლქში სროლის შედეგად დაიღუპა 8 წლის გოგონა, იტყობინება დაბა ბერეზნეგოვატოეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი ანა ზამაზაევა.
მისი თქმით, დასახლებულ პუნქტში ოთხმა ადამიანმა მიიღო ნამსხვრევებით ჭრილობები, ორი მათგანი ბავშვია.

ქალაქ ნიკოლაევის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა Telegram-ის არხში დაწერა, რომ ცეცხლი გაუხსნეს საოლქო ცენტრს. იტყობინებიან ხანძრის შესახებ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში.

ნიკოლაევის ხელისუფლების ცნობით, ქალაქზე იერიშისას დაიჭრა ერთი ქალი.

დნეპროპეტროვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ზელენოდოლსკს. დაიღუპა 9 წლის ბიჭი.
„რუსებმა ცხრა წლის ბიჭი მოკლეს. მათ ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან“ ზელენოდოლსკის დასახლებას. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა. ყველა საავადმყოფოშია. უმრავლესობა მძიმედ არის“, – აღნიშნავს რეზნიჩენკო.
გარდა ამისა, დაზიანებულია მაღლივი კორპუსები, მაღაზიები, საბავშვო ბაღი და სხვ. სახლები დაზიანდა ველიკაია კოსტრომაშიც.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ხერსონის რეგიონში კარდაკარ მიდიან კითხვარებით და ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ რუსული პასპორტების აღებას.

“ქახოვსკის რაიონში, ბოლშაია ლეპეტიხას ქალაქური ტიპის დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას სთავაზობენ შეავსონ ფორმები რუსული პასპორტის მისაღებად.”- წერს იანუშევიჩი Telegram-ზე.

მისი თქმით, რეგიონში მძიმე მდგომარეობაა, გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. რუსულმა ჯარებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ნოვოვორონცოვსკაია.

“დაბომბვა მთელი საათის განმავლობაში გრძელდება, ბევრია დანგრეული და დაზიანებული კერძო სახლი და ინფრასტრუქტურა. ხალხი იძულებულია იცხოვროს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რადგან საომარი მოქმედებების გამო დაზიანებული ქსელების შეკეთება ვერ ხერხდება. სოფელ ნოვოვორონცოვკაში 6 ათასზე მეტი მოსახლედან, დაახლოებით 400 დარჩა.” – წერს იანუშევიჩი.

ომის პარალელურად, უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებენ. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით ომის დაწყებიდან 31 500 ზე მეტი ომის დანაშაულია აღრიცხული

მსგავსი პოსტები

Back to top button